ნატოს გენერალური მდივანი – უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, მას დავეხმაროთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის და ცდილობს, უკრაინას მეტი ტერიტორია წაართვას,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტეს თქმით, ნატომ და ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

„უკრაინა კიდევ ერთ გადამწყვეტ ზამთარში შედის. რუსეთის აგრესია, როგორც ჩანს, არ მცირდება. პირიქით, პუტინი ამძაფრებს თავის რიტორიკას და დაუფიქრებელ ქმედებებს. ის იყენებს უკრაინას საცდელ პოლიგონად ექსპერიმენტული რაკეტებისთვის და ამ უკანონო ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს რთავს. პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის. ის ზეწოლას ახორციელებს, ცდილობს მეტი ტერიტორია დაიპყროს, რადგან ფიქრობს, რომ შეუძლია ჩვენი და უკრაინის სიმტკიცე დაარღვიოს, მაგრამ ის ცდება. უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, მას დავეხმაროთ“, – აღნიშნა რუტემ.

რუტემ გაიხსენა, რომ ვაშინგტონში მოკავშირეები შეთანხმდნენ ფინანსური ვალდებულების აღებაზე, რათა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება 40 მილიარდი ევროს ოდენობით.

ნატოს გენერალური მდივანი დადებითად აფასებს აშშ-ის, გერმანიის, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ბოლო განცხადებებს ახალი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.

“რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მით უფრო ძლიერი იქნება მათი ხელი მოლაპარაკებების მაგიდასთან და უფრო სწრაფად შევძლებთ, უკრაინაში რუსეთის აგრესიას ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო“, – განაცხადა რუტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები