რუსეთი სირიიდან სამხედრო ფლოტის ევაკუაციას ახორციელებს
რუსეთს სირიის ქალაქ ტარტუსში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზიდან ფლოტი გაჰყავს,- ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
როგორც ცნობილია, სამხედრო ბაზა ტანკერმა „ელნიამ“ დატოვა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტიდან გავიდა ორი რუსული ფრეგატი და წყალქვეშა ნავი. სულ ტარტუსის ბაზაზე ხუთი რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი იყო ბაზირებული.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ხომალდები, სავარაუდოდ, ბალტიის ზღვაში წავლენ, მანამდე კი ლიბიაში და ალჟირში გაჩერდებიან. თუ რუსეთს ტარტუსში სამხედრო ბაზის შენარჩუნება სურს, მაშინ იქ დამხმარე გემები უნდა გააგზავნოს.
მედიის ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება, სირიაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, როდესაც ჯიჰადისტებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო აიღეს და სამხრეთით შეტევა გააგრძელეს. თუ შეიარაღებული ოპოზიციის ძალები ქალაქ ჰამასაც აიღებენ, იქიდან დამასკომდე პირდაპირი გზა იხსნება.
1 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სირიაში თავისი ძალების მეთაური შეცვალა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა ალეპო აიღეს, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, ის შეცვალა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩაიკომ, რომელიც კიევის აღების მცდელობას ხელმძღვანელობდა.