გიორგი კახიანი: ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები თავის სიმაღლეზე დგანან და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება არასდროს მოხდება – ამის გარანტი არის ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება”
ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები თავის სიმაღლეზე დგანან და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება არასდროს მოხდება. ამის გარანტი არის ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „იმედი LIVE-ში” სტუმრობისას განაცხადა.
„რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალყურს, არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ბოლო ოთხი დღეა ჩვენ ამას ვუყურებთ და ვხედავთ დესტრუქციულ, ძალადობრივ ქმედებებს, რომლითაც ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, რაც გამოიხატება პარლამენტის შენობის დაზიანებაში, დაწვის მცდელობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში. მეორე მხრივ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები თავის სიმაღლეზე დგანან და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება არასდროს მოხდება. ამის გარანტი არის ხელისუფლება, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება”, – აღნიშნა კახიანმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ქმედებებს, რომლებსაც აქციის მონაწილეები პოლიციის წინააღმდეგ იყენებენ.
„ბოლო ორ დღეს თუ გადავხედავთ ჩვენ ვხედავთ როგორ ცდილობენ პოლიციელების ფიზიკურ დაზიანების, ისეთი მეთოდებით, რამაც შეიძლება სიცოცხლის ხელყოფაც კი გამოიწვიოს. ისინი იყენებენ პიროტექნიკას, მოლოტოვის კოქტეილებს და დიდ ქვებს, რომლებსაც ისვრიან. ადამიანს ის თავში რომ მოხვდეს შეიძლება ყველაფერი ძალიან მძიმედ დასრულდეს“, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, პროცესებზე საერთაშორისო გამოხმაურებები უკვე ორმაგ სტანდარტებსაც სცდება.
„ერთი წუთით წარმოიდგინებოდა, რომ ბუნდესტაგზე ხდებოდეს საათების განმავლობაში ასეთი თავდასხმა ან, საფრანგეთში ეროვნულ საბჭოზე, ან თუნდაც აშშ-ში კონგრესზე, როგორი რეაგირება მოჰყვებოდა ამას. კონგრესის შემთხვევა თან ვნახეთ, რომ მსხვერპლითაც კი დასრულდა. როდესაც ამ ფონზე არის დუმილი და განცხადებები კეთდება იქით, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს მოზომილი ქმედებები, ეს უსამართლობაა. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი რამ რომ მოხდეს, იმავე სტანდარტებით იმოქმედოს პოლიციამ იქ. მაქსიმალურად ცდილობს პოლიცია, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდეს”, – აღნიშნა კახიანმა.
მისივე თქმით, იმ გადაცდომებს, რასაც ადგილი ჰქონდა და არავის მოსწონს, ყველას მხრიდან ძალიან ცუდი შეფასება ჰქონდა და რეაგირებაც მოჰყვება.