კახა კალაძე: მძიმე სანახავია, თუ როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვანებს, პატარა ბავშვებს – ოპოზიციური არხები სიამაყით აშუქებენ 10-12 წლის ბავშვების კომენტარებს
დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს?, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
თბილისის მერის თქმით, დაუშვებელია ძალადობრივი აქციის მონაწილეებად არასრულწლოვანების გამოყენება.
„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ვხედავთ, როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვანებს, პატარა ბავშვებს. ოპოზიციური არხები სიამაყით აშუქებენ 10-12 წლის ბავშვების კომენტარებს, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზე მსჯელობენ. ალბათ ნახეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალები, სადაც პატარა ბავშვები ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ და პიროტექნიკას ესვრიან სამართალდამცველებს. რასაკვირველია, დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს?“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და ხაზი გაუსვა კონკრეტულ ინციდენტებს, რაც, მისი თქმით, მოკვლევას საჭიროებას.
„მივმართავ ჩვენს მართლაც საამაყო პოლიციელებს, თქვენ ეს დღეები ნათლად აჩვენეთ სამართალდამცველის ღირსება და იმიჯი. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, იმ შეურაცხყოფის ატანისთვის, რასაც გაყენებენ; კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ ნებისმიერმა გადაცდომამ და წყობიდან გამოსვლამ შეიძლება რადიკალების წისქვილზე დაასხას წყალი და გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოკვლევას“, – განაცხადა კახა კალაძემ.