„ანგელოზების სოფელი“ – ხათუნა ემის პირველი პერსონალური გამოფენა
2 დეკემბრის ჩათვლით, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ხათუნა ემის პერსონალური გამოფენა „ანგელოზების სოფელი“ მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ხათუნა მორჩიაშვილი (ხათუნა ემი) დაიბადა და მოღვაწეობს თბილისში. მისი, როგორც თვითნასწავლი მხატვრის, გამოჩენა, საზოგადოებაში დიდ დროს არ მოითვლის, მაგრამ უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა ხელოვნების მოყვარულთა შორის.
პროფესიით სტომატოლოგს საკმაოდ დიდი შრომა და ფიქრი დასჭირდა, თუ როგორ გადმოეტანა მისი პარალელური სამყაროს ამბები ტილოზე. 4 წლის წინ ეს ბარიერიც გადალახა და თავისი ფუნჯით ფერების ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდა, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ ნაწილად გადაიქცა და მის გარეშე, როგორც თვითონ მხატვარი ამბობს, ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მისი ნაივური მხატვრობა უბრალო და ნათელია. მხატვარი ბავშვური თვალებით უყურებს ყოველივეს და ამიტომაც მისი მხატვრული ხილვები გასაოცარ გულუბრყვრილობას გადმოსცემენ. მხატვარი ხშირად არღვევს იმ წესებს , რაც აკადემიურ მხატვრობაში არსებობს , მაგრამ ის კარგად იცნობს მის სივრცეს და საგნებს, ამიტომაც გაბედულად აკეთებს ყოველივეს.
ხათუნა ემი პირველად წარდგა ხელოვნების მოყვარულთა ფართო საზოგადოების წინაშე.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.