ცოტნე ივანიშვილი: უკვე რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი აზრი – რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას, ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად
თავისთავად, ძალიან მტკივნეულია ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდის. მეც პირადად რა თქმა უნდა განვიცდი ამ ფაქტებს. ამის იქით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებს აქციების დროს დაკავებულების შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა და ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს.
„უკვე რამდენჯერმე დავაფიქსირე ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების მიმართ გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იყო მიღებული. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რამე დამატებით გითხრათ. ბოლოს, როდესაც ძალადობაზე ვისაუბრე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას ძალიან. ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოხატული, კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს იყო რაღაც სტრატეგიული ნაბიჯი თუ პოლიტიკაში მოსვლის სვლა თუ ა.შ. ეს ყველაფერი მართლა არასერიოზული არის. ზუსტად 1 წლის წინ, 17 მაისს, იგივე დავაფიქსირე. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო. ახალს ვერაფერს გეტყვით. ძალადობა ზოგადად – ნებისმიერი ტიპის და ნებისმიერი მიმართულებით მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული. ამასთან, აუცილებელია წესრიგის დაცვა ქვეყანაში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.