“გვეუბნებიან, რომ არ გაგიხსნით მოლაპარაკებებს, ეს ხომ ჩვენ არ მოვიფიქრეთ, ეს მათ რამდენჯერმე, სხვადასხვა დონეზე განაცხადეს” – ქადაგიშვილი
“ოპოზიცია ცდილობს, რომ თავის მარცხის შესატრიალებლად გამოიყენოს, მაგრამ რეალობას თუ შევხედავთ, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან შორს მიმავალი და კარგად აწონილ- დაწონილი გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა.
„კერძოდ რატომ, მთავარი კრიტერიუმი, რითაც აფასებენ ხოლმე ევროკავშირის სტრუქტურები ამა თუ იმ ქვეყნის დაწინაურებას ევროინტეგრაციის გზაზე, არის ის ორი ძირითადი ჩარჩო, რაშიც, ასე ვთქვათ, შესრულების მონიტორინგი მიმდინარეობს. ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება და ეს არის ასოცირების ხელშეკრულება. ამ მიმართულებით საქართველო ყოველთვის ლიდერი იყო ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით. მათ შორის, სანამ კანდიდატობა მოგვენიჭებოდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ჩამორჩენილ ქვეყნებს მიანიჭეს კანდიდატობა, ხოლო საქართველოს წელიწად-ნახევრის შემდეგ, იძულებულები გახდნენ, პირდაპირ ასე ვიტყვი, რომ მიენიჭებინათ საქართველოსთვისაც კანდიდატობა“
გვეუბნებიან, რომ არ გაგიხსნით მოლაპარაკებებს, ეს ხომ ჩვენ არ მოვიფიქრეთ, ეს მათ რამდენჯერმე, სხვადასხვა დონეზე განაცხადეს. ჯერ ამბობდნენ, რომ დაველოდებით კიდევ თუ როგორი იქნება არჩევნები. არჩევნები ჩატარდა, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ამ არჩევნებში, სამწუხაროდ, ყოველგვარი დემოკრატიისა და კანონების უგულებელყოფით ჩართული იყო ევროპული პოლიტიკის მთელი რიგი წარმომადგენლები. ამიტომ ახლა ეს მარცხი საკუთარ მარცხად აქვთ აღქმული. ამიტომ, კიდევ გაგრძელდა განცხადებები, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არ ვიცით რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.