“16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, მთელ გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბერს, როდესაც უნდა მომხდარიყო არეულობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით ეს გეგმები ჩაშალა.
„ჩვენს ამომრჩევლებში ყველაზე აქტუალური კითხვაა, რად გინდოდათ და რაში გჭირდებოდათ ეს ამბავი. დღევანდელ დღემდე, ვიდრე ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით უკვე ღიად არ ილაპარაკა, მეც გუშინ თავი შევიკავე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, მაგრამ სჯობს, ბოლომდე გაიხსნას კარტები. 16 დეკემბერს, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა იმართება, ამ 16 დეკემბერზე იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები. ვერ მოგატყუებთ, რომ ევროსაბჭოდან რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა, მაგრამ ინფორმაციები გვაქვს ოპონენტებისგან და 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ვგულისხმობთ იმას, რომ წელიწადში ორჯერ ამ პერიოდის განმავლობაში იგეგმება და ტარდება ხოლმე ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება. მათი მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი. ამიტომ მათ თქვეს, რომ 300 და 400 ათასი ხმის გაყალბებას ვერავის ვაჯერებთ, მოდით, ახლა დავიშალოთ. პირველ სხდომაზე 800-მდე ადამიანი შეიკრიბა, არ გააპროტესტეს მთავრობის დამტკიცების დღე და ემზადებოდნენ, მთელ გეგმებს აწყობდნენ 16 დეკემბერს. 16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო, ევროსაბჭომ და ევროკომისიამ უარი უთხრა მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს გეგმები ჩავუშალეთ და მთავარი ბერკეტი წავართვით მათ. ეს პასუხი ჩვენს მომხრეებს, კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა არ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში. ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონის შემთხვევაში, ჩვენ ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები. ისინი ამ და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ცდილობდნენ ენერგიის დახარჯვას, რათა საარჩევნოდ უნდა შემოენახათ ენერგია და ამით განეხორციელებინათ არჩევნების საბოტაჟი. ამიტომ იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან აიცილა არეულობა და ქაოსი არჩევნების პერიოდში და მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ქართული კანონი და ქართული ვერსია მიიღო“, – განაცხადა მდინარაძემ.