ზუგდიდში, გორსა და ბათუმში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მოგვიანებით კი, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. ამ წუთებში კი, აქცია მერიის შენობასთან გრძელდება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. შეკრებილები კოლეგებს მოუწოდებენ, პროტესტი გამოხატონ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საპროტესტო აქციაა გორშიც. აქციის მონაწილეები იმ მოედანზე არიან შეკრებილი, სადაც 2008 წელს საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული რუსული კასეტური ბომბები ცვიოდა.

აქციის მონაწილეების გორის ცენტრში გამოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები