ირაკლი ალასანია ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი ესტუმრა. ლიტველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა ლიტვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ლიტვის თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ირაკლი ალასანია და იუზას ოლეკასი მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
დღესვე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან. ხვალ ლიტვის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ეწვევა.
ასევე დაგეგმილია, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იუზას ოლეკასი გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.
ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.