23 ნოემბერი აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადების დღეა
23 ნოემბერი, ეთნოგრაფიული მუზეუმის დამფუძნებლის, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადების დღეა.
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ინფორმაციით, აკადემიკოსი 1890 წელს ქალაქ ფოთში დაიბადა. გიორგი ჩიტაიამ საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეთნოგრაფიულ სკოლას და მყარი მეცნიერული საფუძველი შეუქმნა მას, აღზარდა არაერთი მეცნიერი. შექმნა პირველი სალექციო კურსი და ზოგადი ეთნოგრაფიის შესავალი. უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საველე ეთნოგრაფიული მასალის შეგროვებას, დანერგა საველე მუშაობის კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდი. ყოველივე ეს აისახა მეცნიერის ორასამდე ნაშრომში, რომლებიც დაფუძნებულია მდიდარ საველე მასალაზე.
1966 წელს, თბილისში სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
გიორგი ჩიტაია: „ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ საქართველოს მინი მოდელის შექმნის იდეაზეა აგებული. ჩემი მიზანი, საქართველოს ბუნებასთან შერწყმული განუმეორებელი ხუროთმოძღვრული ანსამბლების, ხალხის მიერ შექმნილი მატერიალური და სამეურნეო ფასეულობების ჩვენება იყო. დღეს უკვე ქრება ქართული სოფლების ტრადიუციული არქიტექტურის ანსამბლები და მასთან ერთად ქართული საკარმიდამო ეზოების კოლორიტიც. მისი დაცვის იდეა ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უნდა იკისროს და ერთ მთლიან ექსპოზიციაში წარმოაჩინოს ქართული ცხოვრების ეროვნული სტილი“.