იტალია და ნიდერლანდები ჰააგის სასამართლოს განკარგულებებს შეასრულებენ და ბენიამინ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტს დააკავებენ
იტალიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იოავ გალანტს დააპატიმრებენ, თუ ისინი მათი ქვეყნების ტერიტორიაზე შევლენ.
„მოგვიწევს მათი დაპატიმრება“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ იტალია, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ვალდებულია, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერების მიხედვით იმოქმედოს.
ასევე, ნიდერლანდების მთავრობაშიც განაცხადეს, რომ დაკავების ორდერების შესაბამისად იმოქმედებენ.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა.