ამერიკის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა
ამერიკის საელჩომ კიევში, რომელიც 20 ნოემბერს მოსალოდნელი საჰაერო შეტევის გამო დაიხურა, დღეს მუშაობა განაახლა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში, ბრიჯით ბრინკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„აშშ-ის საელჩომ კიევში დღეს დროებით შეწყვეტილი მუშაობა განაახლა. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიფხიზლე, თვალი ადევნონ ოფიციალურ უკრაინულ წყაროებს და მზად იყვნენ თავშესაფარში ჩასასვლელად საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში“, – დაწერა ბრინკმა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის საელჩო კიევში დროებით დაიხურა და საკუთარი მოქალაქეები მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. აშშ-ის საელჩოს მსგავსად, საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობები დროებით დახურეს იტალიამ, ესპანეთმა და საბერძნეთმა.