ლევან ბეჟაშვილი: ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკოს, არ მოახდინოს მათი დეპუტატებად რეგისტრაცია

,,ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკოს არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, მიზანია არჩევნებს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია.

„კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის, სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი.

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ხდება ცესკოს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე – ცესკომ უნდა დაარეგისტრიროს/დაადასტუროს მინიმუმ 100 დეპუტატის არჩევა.

რა არის ჩვენი მიზანი? მიზანია არჩევნებს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია.

შესაბამისად, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვონ ცესკოს არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ.

ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი მარტო, პარლამენტი კი ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება.

სხვა შემთხვევაში ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმს და ამ ოქმის საფუძველზე მოხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ამის შემდეგ მანდატებზე უარის თქმა, იქნება მხოლოდ უარი მანდატებზე და არა გაყალბებული არჩევნების საფუძველზე დაკომპლექტებული პარლამენტის დელეგიტიმაცია. ვინც ამბობს, რომ ასეთი პროცედურა არ არსებობს – ტყუის. პასუხი კონსტიტუციაშია (არაა აუცილებელი ყველაფერი საარჩევნო კოდექსში ეწეროს) სწორედ კონსტიტუციური პრინციპია, რომ ადამიანს ვერ დააძალებ რაიმე თანამდებობის დაკავებას, მისი ნების წინააღმდეგ. შესაბამისად ვერ ცნობ მის უფლებამოსილებას თუ ის წინასწარ აცხადებს უარს.

ასე, რომ ვაჩვენოთ ერთიანობა და მოვახდინოთ გაყალბებული პარლამენტის დელეგიტიმაცია“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები