მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ საზეიმოდ გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ გახსნას დაესწრო.
ფესტივალის პირველ დღეს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აბრეშუმის ქარხნის დიდი სტუდიის სცენაზე რეჟისორმა დეკლან დონელანმა სოფოკლეს პიესა „ოიდიპოს მეფე“ წარმოადგინა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ბრუნო ნოფერი, იოანა ანდონი, ადელინა გალიჩენუ, როქსანა მატუ, პეტრი სტაფენესკუ, კატალინა ვინატორუ, იარინა ზიდარუ; მხატვარ-სცენოგრაფია ნიკ ორმეროდი, რეჟისორის ასისტენტი – ლაურენტინ ტიუდორი, მუსიკის ავტორი – ქარუ ტიბორი.
იმავე საღამოს გაიმართა ფესტივალის ლაურეატების დაჯილდოებაც. ფესტივალის მთავარი ჯილდო – მიხეილ თუმანიშვილის პრიზი „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“ გადაეცა გამოჩენილ ინგლისელ რეჟისორს, დეკლან დონელანს, რომელსაც არაერთგზის მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. სხვადასხვა დროს გახდა ბრიტანეთის იმპერიისა და საფრანგეთის სახელმწიფო ორდენების, ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის, პრემია OBIE-სა და ლოურენს ოლივიეს სახელობის ოთხი პრემიის მფლობელი.
ჯილდოს მფლობელები, აგრეთვე, გახდნენ: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი და ცნობილი კომპოზიტორი დავით ევგენიძე.
ფესტივალი 3 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მაყურებელს მსოფლიოში ცნობილი და ქართული თეატრების შთამბეჭდავ წარმოდგენებს შესთავაზებს.