ბაიდენის სიტყვების გასაკრიტიკებლად, ტრამპმა დასუფთავების სამსახურის ფორმა ჩაიცვა
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას ნაგვის სატვირთო მანქანის მუშის ფორმაში ჩაცმული გამოჩნდა, რათა კიდევ უფრო გაეკრიტიკებინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინა დღით გაკეთებული კომენტარები.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ჯო ბაიდენმა განაცხადა:
”ერთადერთი ნაგავი, რომელსაც ვხედავ, ტრამპის მხარდამჭერები არიან”. შემდეგ კი მან განმარტა, რომ ასე ტრამპის მხარდამჭერთა მიერ პუერტო-რიკოელების მიმართ სიძულვილის რიტორიკა შეაფასა.
ვისკონსინის შტატში, საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებისთვის თავისი ბრენდირებული თვითმფრინავით მისულმა ტრამპმა, პერანგზე კაშკაშა ნარინჯისფერი ჟილეტი მოიცვა და თეთრ ნაგვის მანქანაში ჩაჯდა, რომელსაც კამპანიის ლოგო ჰქონდა.
უცხოური მედიის ცნობით, ტრამპმა ასეთი სანახაობა ჯო ბაიდენის უყურადღებო განაცხადის საპასუხოდ დადგა, რამაც არჩევნებამდე ბოლო დღეებში პრობლემები შეუქმნა ჰარისის კამპანიას.
მედიის შეფასებით, ტრამპმა გადაწყვიტა, ბაიდენის სიტყვებით “ეთამაშა”.
მანქანის კაბინაში ჯდომის შემდეგ, ტრამპი საარჩევნო ღონისძიების სცენაზე იმავე ნარინჯისფერი ჟილეტით ავიდა.
შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში არჩევნების დღემდე კვირაზე ნაკლები რჩება. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა 80%-ზე მეტი მზადაა, მიიღოს შედეგი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს.