ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატი ბესო შენგელია მსოფლიოს ლიდერებს საქართველოში „მსოფლიო მშვიდობის ფორუმზე“ იწვევს

საქართველოს მოქალაქე, მწერალი და მეცნიერი ბესო შენგელია ქართული, გლობალური მშვიდობის პროექტის განაცხადით, ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატია.
მისი თქმით, „მსოფლიო მშვიდობის ფორუმი“ საქართველოში ჩატარდება, მას აქვს ღია და პირდაპირი კომუნიკაცია მსოფლიოს ლიდერებთან და მათ მსოფლიოს მშვიდობის საქმეში ჩართვას სთავაზობს. შედეგებით წინ მიიწევს და უკვე დაჰპირდნენ შუამდგომლობას ილონ მასკთან, რათა ისიც იყოს მოწვეული საპატიო სტუმრის სტატუსით.
„შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიცნობს პირადად“.
ბატონ ბესოს ამ პროექტზე სასაუბროდ დავუკავშირდით, თუმცა მანამდე მის მიერ განვლილ იმ გზაზე და საქმეებზე ვკითხეთ, რაც წინ უსწრებდა ნობელამდე მისვლას.
– რა იყო საინტერესო ბავშვობიდან?
– დავიბადე 90-იანებში, 1993 წელს, 26 თებერვალს, თუმცა, პირველი წლები, ჩემი ბევრი თანატოლი ქართველი მეგობრისგან განსხვავებით, შედარებით მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიყავი. დედაჩემი უკრაინელი, ოდესელი იყო და დაბადების პირველი წლები მანდ ვყავდი. სამწუხაროდ, უკრაინელი თანატოლელები უკვე ბევრნი არ არიან ცოცხალნი, ვისაც ვიცნობდი (დღევანდელი მოვლენები ამის უშუალო მიზეზია, ამიტომ ბევრისგან განსხვავებით ომის უპასუხისმგებლო რომანტიზება, მე, არ შემიძლია).
ბაღის და სკოლის პერიოდში, როგორც ხალხი ამბობს, გამოვირჩეოდი მიზანდასახულობით, ბეჯითობით და სიდინჯითაც, თუმცა სკოლიდან მაინც გამომაგდეს მტკიცე ხასიათის გამო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უნივერსიტეტში ჩაბარებისას გრანტის აღება მაინც მოვახერხე.
ბავშვობის სასკოლო არდადეგების პერიოდში, ძირითადად, სულ მივყავდი სოფელში – მანგლისის მიმდემარედ, სოფელ ალგეთში. მდინარის პირას გვაქვს სახლი, ხოლო გაღმა უზარმაზარი მთებია, რომლებიც ყოველ დილით შთაგონების და მოტივაციის წყარო იყო ჩემთვის. დღემდე მახსოვს, ბავშვობაში, ღამით, სოფელში აივანზე გავდიოდი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი, მჯერა, ღმერთს ველაპარაკებოდი. ყოველთვის იგივე სურვილის ასრულებას ვთხოვდი – შევძლო ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის კეთილი საქმეების კეთება, რომელიც თავისი მასშტაბით ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც
გაცდებოდა.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი აღსრულდება, თუმცა წლების წინ, როდესაც სატელევიზიო გადაცემა „იმედის გმირის“ 2013 წლის გამარჯვებული გავხდი (ყაზბეგის რაიონში სრულიად ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო გაკვეთილებს ვატარებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, და
ასევე ყაზბეგის რაიონში გუნდური სახეობის პირველი რაგბის გუნდი დავაარსე, რომელიც დღესაც არსებობს და შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავი აქვს) – მოკლედ რომ ვთქვათ, ყაზბეგის რაიონის ახალგაზრდობას გავუჩინე საერთო საქმე, ერთმანეთს დავაკავშირე და დავამეგობრე.
– საქართველოს ტექნიკურ  უნივერსიტეტში სწავლობდით, სტუდენტობიდან რა დაგამახსოვრდათ?
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე. ყველაზე მეტად ის მახსოვს, რომ პირველ წელს, როდესაც მოვხვდი მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე და ვიყავი საუკეთესო სტუდენტი მთელს ფაკულტეტზე, მეორე წელს სურვილი მქონდა, რომ შემეცვალა უნივერსიტეტი და გადავსულიყავი თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლაში. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ დავაკმაყოფილე მათი მოთხოვნები, უფრო მეტიც, ამისთვის ერთი ქულა დამაკლდა
ფაკულტეტის დეკანს (სახელი არ მახსოვს) რამდენიმე კვირა დავდევდი, ვარკვევდი მისი ნათესავების და მეგობრების კონტაქტებს. რა არ ვცადე, რომ იქნებ შეეცვალა გადაწყვეტილება და ავეყვანე მის სტუდენტად – ვპირდებოდი, რომ  მისი საუკეთესო სტუდენტი გავხდებოდი.
მისი პასუხი მახსოვს – ასეთი ენერგიის მქონე სტუდენტის აღზრდა მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაგრამ წესები, რომლებიც მან დააწესა, გადახედვას და ავლას არ ექვემდებარებოდა, ამ შემთხვევაში დაინგრეოდა მისივე რწმენა საკუთარი თავისადმი (ღრმა ფილოსოფიურია, თუმცა თითქოს მაშინ
გავიგე). მითხრა, რომ ყველაფერს, რასაც შენ ხელს მოჰკიდებ, ამ ენერგიით ყველაფერი გამოგივაო.
ამ პასუხიდან ერთი წლის თავზე – ყაზბეგში, ახალგაზრდა, პატარა ბიჭმა, შეუძლებელი შევძელი, მთლიან რაიონს თავი შევაყვარე და გავხდი „იმედის გმირების“ 2013 წლის გამარჯვებული.
ასე მგონია, რადგან ის სიტყვები ჩამრჩა გონებაში – ზუსტად ამ ენერგიით და კიდევ უფრო მზარდით, მოვდივარ ახლა და შედეგები, რომელიც უკვე გამაჩნია, ბევრისთვის ჯერ კიდევ დაუჯერებელია.
„მსოფლიო მშვიდობის ფორუმი საქართველოში“ – მისი საორგანიზაციო საკითხების დეტალებს მხოლოდ მცირე შემავსებელი სჭირდება, რაც არსებული საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, ვფიქრობ, მალე შეივსება.
– როგორ დაიბადა ანბანის შესწავლის ინოვაციური მეთოდი, რომელიც ბავშვებს კითხვის ინტერესს უღვივებს?
– დაახლოებით ექვსი წლის წინ შევქმენი ფოტო – პერსონალური სასუვენირო წიგნები 1-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
ფოტო-პერსონალური მეთოდის მოკლე აწერა:
– ბავშვისთვის პერსონალურად იკინძება წიგნები;
– ბავშვი საკუთარ თავს ვიზუალურად ხედავს წიგნის ილუსტრაციებში;
– ბავშვი თავგადასავლის ერთ-ერთი მონაწილე გმირია;
ვინაიდან, ფოტო – პერსონალური მეთოდი ჩემს გონებაში უკვე არსებობდა – ერთ
მშვენიერ დღეს – კონკრეტული მომენტი:
შუაღამე იყო, გონებაში სრულად აღვიქვი ამ მეთოდის კეთილი მიზნების დანიშნულება და შექმნის თანამიმდევრული პროცესი. ავიღე კომპიუტერი, რვეულები, კალმები, ფანქრები და შევედი ოთახში – დაახლოებით 2 კვირაში დავასრულე ანბანის შესწავლის ფოტო – პერსონალური მეთოდის პირველადი
ვერსია, რომელიც ერგება მსოფლიოს ყველა ენას (ანბანს).
– აკავშირებს და ამეგობრებს მსოფლიოს მომავალ თაობებს.
– რით არის საინტერესო, მნიშვნელოვანი და ეროვნული ეს მეთოდი და როგორ ერგება (თქვენი სიტყვებია) მსოფლიოს ანბანებს?
– ანბანის შესწავლის ფოტო-პერსონალურ მეთოდში, ლიტერატურული და ვერბალური (ტექსტური) ნაწილი მეორეხარისხოვანია, ვინაიდან წიგნებში ჩნდება ბავშვის რეალური სურათი (ვისაც ეკუთვნის წიგნი) და ზუსტად ეს არის მეთოდის პირველხარისხოვანი მახასიათებელი, რომელიც ბავშვს უჩენს წიგნისა
და კითხვის მოტივაციას.
ხოლო ის მახასიათებელი, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ინტერესებს, არის შემდეგი:
ყველა უცხოენოვან წიგნებში, ილუსტრაციებში გამოყენებულია საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობები (მაგ. ყაზბეგი, მარტვილი, სოხუმი და საქართველოს ყველა კუთხე).
ამ ნაბიჯით ჩვენ შევძელით, მსოფლიოს მომავალი თაობებისთვის საქართველო გაგვეხადა ადრეული ასაკის ზღაპრულ მოგონებად, რომელიც რეალურ სამყაროშიც არსებობს. ასევე, ყველა წიგნში არის საქართველოს მოსაწვევი ბარათი, სადაც ხაზგასმულია, რომ ამ წიგნის დიდი სამეგობროს ყოველწლიური საოჯახო ფესტივალი ტარდება საქართველოში, დევიზით: „მსოფლიო მშვიდობის ფორუმი საქართველოში“.
„ფოტო – პერსონალური ანბანის შემსწავლელი წიგნი – მეთოდი“ საგანმანათლებლო მეთოდია, რომელიც მთელი მსოფლიოს მომავალ თაობას აძლევს საშუალებას, მშობლიური ანბანი ერთი და იმავე ხერხით ისწავლოს…
რა ხერხია ეს და რით იზიდავს უცხოელს?

– ვინაიდან თვითონ მეთოდს ჰქვია ფოტო – პერსონალური, ანუ ვიზუალური მხარე არის ყველაზე პრიორიტეტული მახასიათებელი – საკმაოდ რთული შეკითხვაა, ვერბალურად რომ აღქმადი გახდეს მისი მნიშვნელობა, თუმცა ვცდი.
ანბანის შემსწავლელი ფოტო – პერსონალური მეთოდი შედგება სამი მთავარი მახასიათებლისგან:
1) ბავშვი თვითონ ხდება წიგნის/თავგადასავლის მონაწილე გმირი; (ბავშვს უჩენს მოტივაციას);
2) წიგნის ილუსტრაციებში ჩახატულია ანბანის ფირფიტები. ზუსტად ეს ფირფიტები იგივე ვიზუალით დაბეჭდილია და ბავშვისთვის ზღაპრული სამყაროს ნივთები რეალურ სამყაროშიც ხელშესახები ხდება (ბავშვს უჩენს უფრო მეტ მოტივაციას და ჩართულობას იწვევს).
3) წიგნის ილუსტრაციების ბოლო გვერდზე ჩახატულია ანბანის წიგნაკი. ზუსტად ეს წიგნაკი იგივე ვიზუალით დაბეჭდილია და ბავშვისთვის ზღაპრული სამყაროს ნივთი რეალურ სამყაროშიც ხელშესახები ხდება (ბავშვს უჩენს უფრო მეტ მოტივაციას და უჩენს გააზრებულ აღქმად მიზეზს თუ რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა ანბანი და კითხვა).
როგორ ერგება მსოფლიოს ენებს (ანბანებს)?
1) პირველი მახასიათებელი, ანუ საკუთარი სურათი, სრულად ვიზუალურია. ამიტომ, არ საჭიროებს თარგმანს;
2) ანბანის ფირფიტებზე გამოსახულია იმ ენის ანბანის ასოები, რომელ ენასაც აირჩევს მშობელი (წიგნის შემძენი).
მაგ. თუ სურთ ქართულის სწავლა, ფირფიტები ქართული ანბანის იქნება, თუ ინგლისურის სწავლა სურთ, ფირფიტებიც ინგლისურენოვანი იქნება და ამ პრინციპით ყველა უცხო ენასთან მიმართებაში. ანბანის წიგნაკიც – ანბანის ფირფიტების შესაბამისად.
მაგ. თუ სურთ ქართულის სწავლა, წიგნაკი ქართული ანბანის იქნება, თუ ინგლისურის სწავლა სურთ, წიგნაკიც ინგლისურენოვანი იქნება და ამ პრინციპით ყველა უცხო ენასთან მიმართებაში.
უცხოელს იზიდავს იმით, რომ ეს მეთოდი გამოხატავს პატივისცემას სრულიად განსხვავებული ეროვნების, რელიგიის თუ კულტურული სხვაობის მიმართ, აყვარებს ბავშვებს წიგნს და კითხვას.
უხეში ნათქვამით – ეს წიგნები, საბოლოო ჯამში, ოჯახში რჩება, როგორც სასუვენირო ფოტოალბომი.
მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დისნეის ლონდონის ოფისის ხელმძღვანელობასთან, მეთოდის ნიმუშებიც მომთხოვეს და სათანამშრომლო სპეციალური პირობებიც შემომთავაზეს.
შეთანხმება ვერ შედგა, რადგან უარი განვაცხადე ბიზნეს მოდელის შეცვლაზე – კერძოდ, საქართველოს კულტურული მახასიათებლების ამოღებაზე.
შორს რომ არ წავიდეთ – დღეს ეს პროექტი ნობელის მშვიდობის კანდიდატია, მომავალ წელს თუ ვერა, ყოველწლიურად გაიზრდება შანსი, რომ გავიმარჯვოთ და შევქმნათ ქართული ბრენდი, რომელიც, კონკურენციას თვით დისნეის და სხვა გიგანტებსაც გაუწევს.
კი, ესეც მართალია, დისნეის გარკვეული სამსახურები ამ პროექტს უკვე ებრძვიან, მაგრამ მე ვახერხებ, არანაკლებ ავტორიტეტული მხარდაჭერის მიღებას.
– თქვენი ინიციატივა გულისხმობს კომპლექსურ ეკონომიკური შეთავაზებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, „მსოფლიო მშვიდობის ფორუმის“ („ყოველწლიური საერთაშორისო საოჯახო ფესტივალი“) ჩატარებას. ფინანსების მოზიდვა წიგნების შეძენაზეა დამოკიდებული?
– მოკლედ მოგახსენებთ ეკონომიკური წრედის შესახებ:
1) გაგვაჩნია უნიკალური პროდუქტი (წიგნები) და მეთოდი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას ახალი სხვა პროდუქტებიც (მულტფილმი, მობილური თამაშები და სხვა) – შესაბამისად, შეიქმნას ქართული, მსოფლიო მასშტაბის ბრენდი.
2) ბიზნეს-ეკონომიკური მოდელი, რომელიც სარგებლიანობის მოტანით, სრულად, პირველხარისხოვნად ორიენტირებულია ქვეყნის ინტერესებზე;
3) უნიკალური წიგნების საშუალებით დავაინიცირეთ „ყოველწლიური საერთაშორისო საოჯახო ფესტივალი დევიზით – მსოფლიო მშვიდობის ფორუმი საქართველოში.
(საერთაშორისო გამოხმაურება და მხარდაჭერა იზრდება მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ევროპა, აზია, ამერიკა, სხვა).
4) ნობელის მშვიდობის სტატუსის ეგიდის ქვეშ მიმდინარე პროექტი, რომელიც, აწ გააგრძელებს ნობელის მშვიდობის პრემიისთვის ბრძოლას.
საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილია ერთგვერდიანი სათანამშრომლო შეთავაზება.
წიგნის შეძენით, თვითონ ბავშვიც და შემძენიც გახდებიან კომპანიის აქციონერები, რაც შექმნის ქართველი ხალხის გაერთიანების შესაძლებლობას ეკონომიკური საქმის გარშემო, რომელიც გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ემსახურება მსოფლიო მშვიდობას.
წიგნების შეძენის მთავარი მიზანია (მე მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო საშუალება), ქართველი ხალხი უკეთ იყოს ინფორმირებული ამ საქმის რეალური შედეგების და მიზნების შესახებ, ხოლო ფინანსები, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო საოჯახო ფესტივალის და „მსოფლიო მშვიდობის ფორუმის“ დასაორგანიზებლად (იგულისხმება ასეულობით მილიონი დოლარი) – მოზიდული იქნება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციებიდან, ფონდებიდან და სასპონსორო ხელშეკრულებებით.
დიახ – ამ საქმის ირგვლივ გაერთიანებული ხალხი, კერძოდ კი, საქართველო და ქართველი ერი (ასევე იქნებიან უცხოელებიც) მსოფლიო მშვიდობის მაინიცირებელი სტატუსის მქონე გახდება.
– ქართული, გლობალური მშვიდობის პროექტის განაცხადით – ნობელის მშვიდობის ჯილდოს ნომინაციაზე კანდიდატთა სიაში ხართ. ნომინაციაზე პირველად მიიღეს საქართველოს მოქალაქე… როგორ მიხვედით ნობელამდე?
– როგორც ვახსენე, ბავშვობაში ხშირად გავდიოდი აივანზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ღმერთს შევთხოვდი, რომ შემძლებოდა მსოფლიო მასშტაბის ბევრი კეთილი საქმის გაკეთება. ზღაპრულად ჟღერს, მაგრამ მე მჯერა – წარსულის გააზრებული მომენტები მჭიდრო კავშირს ქმნის შენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და მომავალთან – ჩემი არსებული შედეგები ამას მხოლოდ ამტკიცებს.
დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში სტუმრად იყო ჩამოსული და გავიცანი მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, რომელსაც, მომეცა საშუალება და, დავუახლოვდი, დავუმეგობრდი. 3 დღით იყო საქართველოში, სრულიად შემთხვევით მომეცა საშუალება, რომ ეტაპობრივად სრულად აღმეწერა მისთვის
ჩემი შექმნილი ადრეული ასაკის საგანმანათლებლო მეთოდი და პროექტის სრული წრედი – მოისმინა ჩემი სიტყვები და გულწრფელად მითხრა, რომ ამ პროექტის (კონკრეტულად ჩემი პიროვნების) ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენა და გამარჯვებაც გარდაუვალია, ხოლო გაეროს ეგიდით – მისი სრულმასშტაბიანი განხორციელება. მისი და სხვა უფლებამოსილი რეკომენდატორების შუამდგომლობით ჩემი ნომინაცია წარადგინეს ნობელის მშვიდობის პრიზზე. წარმდგენების და კანდიდატების სახელი და გვარის კონფიდენციალურად შენახვა განპირობებულია თვითონ ნობელის პრემიის კომისიის წესების გათვალისწინებით – წარმდგენების სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით (ვინაიდან საკითხი ეხება მსოფლიო
მშვიდობას, კარგად ცნობილია, რომ კეთილ საქმეებს ბევრი მტერი ჰყავს). ინფორმაციის გასაჯაროება ნებადართულია თვითონ წარმდგენის და კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში – ჩვენს შემთხვევაში, მე თანახმა ვიყავი ჩემი ნომინაციის გასაჯაროებაზე, რათა ამ სტატუსით შემდგომ განმევითარებინა უკვე ღია და პირდაპირი კომუნიკაცია მსოფლიოს ლიდერებთან.
შემიძლია ვთქვა დადასტურებულად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიცნობს პირადად.
– თქვენივე ინფორმაციით, საქართველოში ტრამპი ჩამოვა. კიდევ რომელი ცნობილი პიროვნებები არიან უკვე ინფორმირებულნი?..
– მოკლედ მოგახსენებთ, როჯერ ფედერერის ოჯახი, რაგბის ლეგენდის ჯონა ლომუს ოჯახი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩეზი, ავსტრიის პარლამენტი, ევროპის სხვა ქვეყნები და გავლენიანი ინსტიტუციები, ინდოეთი, ჩინეთი და ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ასევე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მომთხოვეს ჩემი ხელმოწერილი მოწვევა, ის უკვე პირადად არის ინფორმირებული და მისმა თანაგუნდელმა, ქ-მა კიმბერლი ლოვემ დაადასტურა, რომ ისინი დაგვეხმარებიან საორგანიზაციო საკითხებში (მსოფლიო ლიდერების მოწვევაში, ფინანსების მოზიდვასა და სხვა საკითხებში). ასევე, ჩამოვა საქართველოში და შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგებით წინ მივიწევ და უკვე დამპირდნენ შუამდგომლობას ილონ მასკთან, რათა ისიც იყოს მოწვეული საპატიო სტუმრის სტატუსით.
– საქართველოს მოქალაქეებს სთხოვთ მხარში დგომას. ვინ გამოგეხმაურათ? ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას როგორ აპირებთ?
– საქართველოს მოქალაქეებისთვის ნახევარგვერდიანი სათანამშრომლო დოკუმენტი შევადგინეთ, რომელზედაც ხუთი წლის ნამუშევრის შედეგი და მიზნები არის დატანილი.
რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია მაქსიმალურად მეტ ადამიანს მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ამ საქმის შესახებ იყოს ინფორმირებული და შემოუერთდეს გამარტივებული წესით.
ამ ეტაპისთვის პირადად ვავრცელებ ამ სათანამშრომლო შეთავაზების წერილს, უკვე შევძელი 1100-მდე ადამიანისთვის პირადად გამეცნო საკითხი. სრული უმრავლესობა, ვინც შეძლო და გამოყო დრო, რომ უკეთ გასცნობოდა – ყველასგან თანხმობაა, რომ შემოუერთდეს ამ რეალურად ზეპარტიული მნიშვნელობის
ქართულ, მსოფლიო მშვიდობის საქმეს.
ამ საქმით შევძელი და დავაინტერესე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვებით სრულიად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაგრამ ვახერხებ, რომ ყოველდღიურად რავ შეიძლება მეტი ადამიანი ინტერესდება და უერთდება ამ საქმეს.
ვფიქრობ, მომავალი წლის გაზაფხულისთვის მსურველთა რიცხვი გადააჭარბებს 30,000 ადამიანს (და უკვე საქართველოს მოქალაქეებში გავრცელების პარალელურად, ამ პროექტს, ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს სახელით წარვადგენთ გაეროში).
ნახეთ, თქვენ შემთხვევით დაგიკავშირდით – ისევე, როგორც თქვენთვის იყო ამ შეთავაზების წერილი დამაინტერესებელი და მოსაწონი. იგივეს ფიქრობს ჯერჯერობით 100 პროცენტი.
მალე, კონკრეტულ ეტაპზე, ოჯახებში ეს წერილი გავრცელდება ბუნებრივად – განა, რამდენ ოჯახს არ უნდა სურდეს, რომ საქართველოში ჩატარდეს „მსოფლიო მშვიდობის ფორუმი“ და ამ საქმეში თითოეულ ქართველს ჰქონდეს საკუთარი როლი და ფინანსური ინტერესიც (მარტივად აღქმადია, რომ საქართველოში,
მსოფლიო მშვიდობის ინსტიტუციის განვითარება გამოიწვევს ქვეყნის არნახულ ეკონომიკურ  ზრდას)?
– ჰობი…
– რაგბი და ჭადრაკი. ბავშვობაში, საქართველოს რაგბის ასაკობრივი ნაკრების წევრი ვიყავი. ხშირად რაგბის თამაშების დრო და თარიღი ემთხვეოდა ჭადრაკის თამაშებს. ხშირად მომხდარა ისე, რომ ჯერ მივსულვარ ჭადრაკის ტურნირზე, უცბად მითამაშია და შემდეგ გავქცეულვარ რაგბის თამაშზე, რომ მიმესწრო მეორე ტაიმისთვის და მეორე ტაიმში დავხმარებოდი ჩემს გუნდს (კარგად ვთამაშობდი, ვაძლევდი ჩემს თავს უფლებას, რომ მეორე ტაიმში დახმარება საკმარისი იქნებოდა მოგებისთვის).
– სამომავლო გეგმები…
– ამ ეკონომიკური საქმის გარშემო, რომელიც ემსახურება მსოფლიო მშვიდობას – ვამზადებ შესაბამის ნიადაგს, რათა აუცილებელი სარეკომენდაციო წერილების თანდართვით და ქართველი ხალხის ამ საქმის გარშემო ყოველდღიურად მზარდი გაერთიანების და ორგანიზებულობის მიზეზით, გაეროში წარდგეს მსოფლიო მშვიდობის ქართული პროექტი.
ხოლო საქართველოს და ქართველი ერს მიენიჭოს მსოფლიო მშვიდობის მაინიცირებელი ქვეყნის სტატუსი.
ამ ეტაპზე, ჩემი მიზანია, გავხდე გაეროს მშვიდობის კეთილი ნების ელჩი, რითაც მოვახერხებ, კიდევ უფრო დავაჩქარო დასახული მიზნების შედეგების მიღწევა.

                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები