მალკოლმ იქსი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უფლებადამცველისა და სულიერი ლიდერის ისტორია

მალკოლმ იქსი 1925 წელს ნებრასკაში დაბადებული აფროამერიკელი მუსულმანი სულიერი ლიდერი და ფერადკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი გახლდათ. მომხრეებს შორის ცნობილია, როგორც აშშ-ის ფერადკანიანი მოსახლეობის უფლებათა დამცველი და ფერადკანიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩამდენთა, ევროპული წარმოშობის მქონე ამერიკელთა კრიტიკოსი. ის მიჩნეულია ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აფროამერიკელად.

ექვსი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც, ჭორების თანახმად, თეთრკანიანმა რასისტებმა მოკლეს. შვიდი წლის შემდეგ, დედამისი მოათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რის შემდეგაც ბიჭი ახალმა ოჯახმა იშვილა. ოცი წლის ასაკში ძარცვისა და შეჭრისთვის გაასამართლეს. ციხეში სასჯელის მოხდისას შეუერთდა ნაციონალისტურ ორგანიზაცია „ისლამის ნაციას“, ხოლო 1952 წელს, გათავისუფლების შემდეგ, სწრაფად გახდა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და თორმეტი წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი სახეც იყო. ორგანიზაციის დოქტრინის თანახმად, იქსი ავრცელებდა აზრს, რომ ფერადკანიანები თეთრებზე რასობრივად უპირატესნი იყვნენ, გამოდიოდა ევროპული და აფრიკული წარმოშობის მქონე ამერიკელების გაყოფის ინიციატივით და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ინტეგრაციულ მცდელობებს დასცინოდა.

1964 წლის მარტში იქსმა გაწყვიტა კავშირი „ისლამის ნაციასთან“ და ორგანიზაციის ლიდერ ელაიჯა მუჰამადთან გამომდინარე იქიდან, რომ იმედი გაუცრუვდა მოძრაობის საქმიანობასა და სწავლებაში. მალევე, გახდა სუნიტი მუსულმანი და იმოგზაურა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. შტატებში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა აფროამერიკული გაერთიანებისა და „კორპორაცია მუსულმანური მეჩეთის“ შექმნაზე. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ იგი კვლავინდებურად იყო ერთგული თავისი პანაფრიკული შეხედულებების და მიაჩნდა, რომ ფერადკანიანებს აქვთ თვითგამორკვევის და თავდაცვის უფლება, მაგრამ უარყო რასისტული შეხედულებები:

„როცა [ფერადკანიანი] მუსულმანი ვიყავი, ბევრი რამ დავაშავე და ახლა ვნანობ. მაშინ მე ზომბი ვიყავი… მიმითითეს მიმართულება და მიბრძანეს, მევლო“.

1965 წლის თებერვალში იქსი „ისლამის ნაციის“ ერთ-ერთმა წევრმა მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები