“რაც ნამდვილად მამშვიდებს, არის ძალიან გამოცდილი და მაღალი პოლიტიკური კულტურის ქართველი ამომრჩეველი, რომელმაც იცის, როგორ განასხვაოს სიცრუე და ტყუილი” – წილოსანი

“წინა საარჩევნო პერიოდს თუ გავიხსენებთ, 2020-21 წელი იქნება, 2020 წელი თუ საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც, თურმე, მათ ფავორიტ სალომე ზურაბიშვილს ვირჩევდით, განსაკუთრებით აგრესიული, სიძულვილით სავსე და ძალიან პროვოკაციული გარემო იყო შექმნილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა “დღის კურიერში”, საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, იმ არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს საეჭვო სიჩუმეა მათი მხრიდან.

“რა თქმა უნდა, არის რისი სიცრუის, დეზინფორმაციის, პლაკატების ჩამოხევის და ა.შ. შემთხვევები, თუმცა, იმ მასშტაბთან შედარებით, რომელიც მათ ჰქონდათ წინა არჩევნებზე, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული სიჩუმე შეიმჩნევა, რასაც ძალიან საინტერესოდ დაემთხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც ყოველთვის უსაფრთხოების სადარაჯოზეა და ხშირად სწორედაც რომ პრევენცია გაუკეთებია იმ ძალიან ცუდი და მავნებლური სცენარისთვის, რომელიც სურდათ ამ ქვეყანაში განევითარებინათ. ჩემთვის უცნობია კონკრეტული დეტალები, მაგრამ ძალიან ნაცნობია, რაზე წამსვლელები არიან.

გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, იქნება გარკვეული მცდელობები, რომ დეზინფორმაციამ და “ფეიკმა” მოწამლოს ქართული საზოგადოება, რომ ამ ყველაფერმა განსაკუთრებული ვნებათაღელვა და ემოციების ქარცეცხლი გამოიწვიოს და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით შეძლონ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევა.

თუმცა, რაც ნამდვილად მამშვიდებს, ეს არის ძალიან გამოცდილი და მაღალი პოლიტიკური კულტურის ქართველი ამომრჩეველი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ განასხვაოს სიცრუე და ტყუილი და, მიუხედავად ამ დიდი ტყუილების კორიანტელისა, ძალიან დინჯად და კეთილგონივრულად განსჯის ხოლმე საზოგადოება ამ ყველაფერს.

დარწმუნებული ვარ, ამ ვნებათაღელვის მიუხედავად, ამ ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ამ მშვიდობას უზრუნველვყოფთ ჩვენ, ამ მშვიდობის დაკვეთა გვაქვს მიღებული ქართველი ამომრჩევლისგან და ეს არჩევნებამდე იქნება თუ მერე, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყნის შიდა თუ გარე უსაფრთხოება და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები