დავით მორგოშია აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვ.არქანიას არტგალერეაში მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებთან გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარ შემოქმედებით საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთის კულტურის განვითარებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე, ახალი პროექტების დაფინანსებაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.
„აფხაზეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა სამშვიდობო პოლიტიკას, სახალხო დიპლომატიას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა კულტურა – ლიტერატურა და ხელოვნება. ამ თვალსაზრისით კულტურის ენას, კულტურათა დიალოგს მნიშვნელოვანი სიტყვა ეკუთვნის. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, იმედი მრჩება, რომ ჩვენ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ და ამ სფეროში არსებულ ხარვეზებს ერთობლივად აღმოვფხვრით“, – განაცხადა დავით მორგოშიამ.
შეხვედრას აფხაზეთის თეატრების, ანსამბლების და კაპელას ხელმძღვანელები, ასევე მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, სამინისტროს თანამშრომლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.