მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.
კურსის გამოშვების ცერემონიის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური ოპერაციების ბაზის პოლიგონზე საჩვენებელი სროლები განახორციელეს. მათ სხვადასხვა დისტანციიდან სნაიპერული შაშხანებით სროლები შეასრულეს.
ორკვირიანი კურსის ფარგლებში, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სპეციალისტებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს და სნაიპერისათვის საჭირო უნარები განივითარეს.
საერთაშორისო სნაიპერთა სკოლის საპილოტე კურსი მიზნად ისახავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციების დაინტერესებას.
აღნიშნული კურსი ქართულ მხარეს ნატოსთან თავსებადობის დონის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.