მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის მთავარი წინაპირობა მშვიდობის შენარჩუნებაა.
„ჩვენი პროგნოზის მიხედვით და არსებული გეგმების შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის. ჩვენ თუ ეს შევძელით და აუცილებლად შევძლებთ არსებული ტემპის შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში ეკონომიკა აუცილებლად 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ამის მთავარი წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, მშვიდობის შენარჩუნება, ყველაფერი დანარჩენი არის ჩვენს ხელში და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ შედეგის მიღწევას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იზრდებოდა ეკონომიკა ფულის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, როგორია ადამიანის სოციალური მდგომარეობა ამა თუ იმ ქვეყანაში. ამ კუთხითაც გვქონდა ძალიან მძიმე, შესაბამისი მდგომარეობა. ჩვენი ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით დოლარში 2012 წელს შეადგენდა დაახლოებით 10 000 დოლარს, ოდნავ მეტს, 10 040 დოლარს და მსოფლიოში ვიყავით 109-ე ადგილზე ამ მაჩვენებლით, იყო ძალიან მძიმე ვითარება ეკონომიკური თვალსაზრისით. 2024 წლისთვის ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ 25 000 დოლარს მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით და არა მარტო გავზარდეთ ეკონომიკა, როგორც ასეთი, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც გვქონდა ბევრად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და როგორც ხედავთ, 109-ე ადგილიდან გადავინაცვლეთ 77-ე ადგილზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამით იზომება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. თუ ვიყავით მანამდე 109-ე ადგილზე მანამდე, გადავინაცვლეთ 77-ე ადგილზე. რაც შეეხება 2028 წელს, აქ ჩვენი ანალოგიური პროგნოზი არის საკმაოდ ამბიციური და ეს შეესაბამება ჩვენს გეგმებს და პროგრამას. ჩვენი პროგნოზით, 36 000 დოლარს გადასცდება ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გადავალთ 66-ე ადგილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ შემთხვევაშიც გვექნება უფრო სწრაფი ზრდა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის მოიყვანა 2012 წლის მაჩვენებლები და 2028 წლის პერსპექტივებზე ისაუბრა.
„საქართველო იყო საკმაოდ ჩამორჩენილი სხვა ქვეყნებთან შედარებით 2012 წელს სწორედ ამ პარამეტრით, ჩვენ დაახლოებით 4-ჯერ გვისწრებდა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია, დაახლოებით 2.5-ჯერ გვისწრებდა საბერძნეთი, ბულგარეთთანაც გვქონდა საკმაოდ სერიოზული ჩამორჩენა და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ გვისწრებდა ყველა კანდიდატი ქვეყანა უკრაინის და მოლდოვის გარდა, უკრაინა მცირედით ჩამოგვრჩებოდა და უკრაინასთან გვქონდა შედარებით დიდი სხვაობა. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას 2028 წლისთვის, წამყვან დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ჩამორჩენა ორმაგზე ნაკლები იქნება უკვე 2028 წლისთვის. თუ ოთხმაგი იყო ჩამორჩენა, ორმაგზე ნაკლები იქნება ჩამორჩენა წამყვან განვითარებულ დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. რაც შეეხება საბერძნეთს, ბულგარეთს, აქ ჩამორჩენა იქნება უკვე მინიმალური და რაც შეეხება კანდიდატ ქვეყნებს, რომლებსაც მოლაპარაკებები აქვთ გახსნილი ევროკავშირთან, ჩვენ ვიქნებით ყველა ქვეყანაზე წინ. ეს არის ის დაპირება, რომელიც ძალიან თამამად შეგვიძლია გავცეთ იმ ტენდენციიდან და გეგმებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.