“აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს” – ალიევი
“აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება”, – ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 1992 წელს შემოიღო, მაგრამ 9 წლის შემდეგ შეაჩერა.
„რატომ? იმიტომ, რომ მათ დაიწყეს ავღანეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანი დასჭირდათ. ვიდრე ავღანეთში რჩებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა ალიევმა.
როგორც მან აღნიშნა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ.
„რა მეგობრობაზე შეიძლება, იყოს საუბარი?“ – განაცხადა ალიევმა.
აშშ-მა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლის 1-ელ იანვარს არსებობა შეწყვიტა. კერძოდ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა და კონგრესის 75-მა წევრმა მიმართეს.
2024 წლის აპრილში აშშ-ის წარმომადგენელმა პალატის წევრმა დინა ტიტუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არცახში ბაქოს მოქმედებების და „პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების გამო“ 44 აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა.