სტოკჰოლმში მდებარე ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა
სტოკჰოლმში მდებარე ისრაელის საელჩოსთან სროლა მოხდა,- ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის პოლიცია ავრცელებს.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ კვალი, რომელიც მიუთითებს სროლაზე ისრაელის საელჩოსთან ახლოს, მაგრამ არ გვსურს გავამჟღავნოთ, კონკრეტულად რა კვალი იქნა აღმოჩენილი, რადგან გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა სტოკჰოლმის პოლიციის პრესსპიკერმა, რებეკა ლანდბერგმა.
შვედეთის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციით, საელჩოს შენობას ესროლეს. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და დაწყებულია გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში იარაღის გამოყენებით დანაშაულის, გარშემომყოფთათვის საფრთხის შექმნისა და უკანონო მუქარის ფაქტზე. პოლიციას არავინ დაუკავებია, მაგრამ რებეკა ლანდბერგმა განაცხადა, რომ რაიონი სათვალთვალო კამერების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და პოლიცია აქტიურად აგროვებს და აანალიზებს მასალას.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ პირველ ოქტომბერს, დილით, კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოსთან ორი აფეთქება მოხდა. ცოტა ხნის წინ, მომხდარზე სამართალდამცველებმა სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. დანაშაულის მოტივი უცნობია.