პირველი ინფექციონისტი, რომელიც ინფექციისგან გარდაიცვალა – იგნაც სემელვეისის ტრაგიკული ისტორია
მე-19 საუკუნის შუა ხანებში, საავადმყოფო საშიში ადგილი იყო, განსაკუთრებით — მშობიარე ქალებისთვის. მშობიარობის შემდეგ გაჩენილი ინფექცია საკმაოდ ხშირი გახლდათ მთელ ევროპაში. ზოგიერთ საავადმყოფოში ახალბედა დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა. ექიმები და ექთნები გაოგნებულები იყვნენ, ვერ პოულობდნენ ვერც მიზეზსა და შესაბამისად, ვერც გამოსავალს.
უნგრელი ექიმი იგნაც სემელვეისი ვენის გენერალურ ჰოსპიტალში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და პრესტიჟულ სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. ის კარგად მომზადებული ექიმი იყო და მრავალი კოლეგის მსგავსად, სამშობიარო განყოფილებებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მასაც ძალიან აწუხებდა.
საავადმყოფოს ორი სამშობიარო კლინიკა ჰქონდა: ერთი ექიმებითა და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, მეორე კი — ბებია ქალებით. სემელვეისმა შემაშფოთებელი ტენდენცია შენიშნა — ექიმებით დაკომპლექტებულ კლინიკას გაცილებით მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე — ბებია ქალებისას. ქალები იხვეწებოდნენ, არ მოხვედრილიყვნენ ექიმების კლინიკაში, იმის შიშით, რომ მელოგინის ცხელება დაემართებოდათ და დაიღუპებოდნენ.
1847 წელს სემელვეისმა აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი კოლეგა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შემთხვევით გაიჭრა ხელი იმ ქალის გაკვეთის დროს, რომელიც მელოგინის ცხელებისგან დაიღუპა. ექიმის ავადმყოფობის სიმპტომები თითქმის იდენტური იყო იმ ქალების სიმპტომებისა, რომლებიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალნენ. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ აიძულა სემელვეისი, არსებული წერტილები ერთმანეთთან დაეკავშირებინა.
მან დაასკვნა, რომ ინფექციის წყაროს კლინიკაში შემოსული სტუდენტები წარმოადგენდნენ. სემელვეისმა დააწესა ხელების დამუშავება კალციუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით, რამაც მელოგინეების სიკვდილიანობა 18%-დან 1%-მდე შეამცირა. 1848 წელს ვენაში რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო, სამსახური დაკარგა. 1850 წელს სათავეში ჩაუდგა წმ. როხის სახელობის კლინიკის სამეანო განყოფილებას. 1855 წელს გახდა პეშტის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი იდეები ასეპტიკასთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელდა უნგრეთში, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი ნაშრომი მელოგინის ცხელების მიზეზებისა და პრევენციის შესახებ კრიტიკით მიიღეს (მათ შორის, ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა, რუდოლფ ვირხოვმა). წლების განმავლობაში ოპონენტებთან დაპირისპირებამ სემელვეისი მორალურად გატეხა. 1865 წელს ის, ავსტრიელი ექიმის ფერდინანდ ფონ ჰებრას მონაწილეობით, იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მალევე გარდაიცვალა ხელის შემთხვევითი ჭრილობის ინფექციური გართულებით.
სემელვეისის იდეები მოგვიანებით მაინც აღიარა სამედიცინო საზოგადოებამ. მისი ერთ-ერთი პირველი დამფასებელი თანამედროვე ასეპტიკის ფუძემდებელი — ინგლისელი ექიმი ჯოზეფ ლისტერი გახლდათ.