ყველაზე მასშტაბური ქართული საერთაშორისო გამოფენის ექსპონატები კრაკოვიდან თბილისში უსაფრთხოდ დაბრუნდა
ყველაზე მასშტაბური ქართული საერთაშორისო გამოფენის ექსპონატები კრაკოვიდან თბილისში უსაფრთხოდ დაბრუნდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა – „ოქროს საწმისი – ქართული ხელოვნება“ 2024 წლის 17 აპრილიდან 15 სექტემბრამდე, წარმატებით ჩატარდა.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ევროპელი დამთვალიერებელი გაეცნო საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს, ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედებას. ამ ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინა პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტიც.
გამოფენაზე საქართველოს მუზეუმებიდან 800-მდე ექსპონატი იყო წარმოდგენილი, საკუთრივ ეროვნული მუზეუმიდან კი – 548 ექსპონატი. გამოფენაზე ასევე იყო წარმოდგენილი ექსპონატები ლუვრიდან, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმიდან, ბელინის სახელმწიფო მუზეუმიდან, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმიდან იერუსალიმის მუზეუმიდან, ვაველის სამეფო სასახლიდან და ვარშავის ეროვნული მუზეუმიდან.
ექსპონატების რაოდენობა და ეროვნული მუზეუმის მიერ გამოფენის მომზადებაში შეტანილი წვლილი უპრეცედენტო სურათს ქმნის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ქართული საერთაშორისო გამოფენა.
დაბრუნებული ექსპონატები, უახლოეს პერიოდში განთავსდება საექსპოზიციო დარბაზებში და დამთვალიერებელი კვლავ შეძლებს მათ ნახვას.