ჰატშეფსუტი – ქალი, რომელიც ფარაონი გახდა

ძველ ეგვიპტეში, სადაც ფარაონები, თითქმის, ექსკლუზიურად მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ამ ტრადიციას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალი არღვევდა. ის 2 ათწლეულზე მეტხანს მართავდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან ცივილიზაციას. ჰატშეფსუტი, ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული ქალი მმართველი, არა მხოლოდ ფარაონის ტიტულს ატარებდა, არამედ გარეგნულადაც ემსგავსებოდა მამაკაცს, მათ შორის, ჩაცმულობითა და ყალბი წვერით. ის შესაშური ავტორიტეტით სარგებლობდა, მისი ისტორია კი, გახლავთ ამბავი პოლიტიკური ამბიციების, არქიტექტურული საოცრებებისა და კეთილდღეობით გამორჩეული პერიოდის შესახებ.

ჰატშეფსუტი ეგვიპტის მე-18 დინასტიაში, სამეფო საგვარეულოში დაიბადა. ის იყო ფარაონ თუტმოს I-ის ქალიშვილი, ხოლო დედოფლად ნახევარ ძმაზე, თუტმოს II-ზე დაქორწინების შემდეგ იქცა. როდესაც ქმარი ნაადრევად გარდაიცვალა, ტახტი მის შვილს, თუტმოს III-ს გადაეცა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო. ჰატშეფსუტი ქვეყანას თავდაპირველად რეგენტის სტატუსით მართავდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მან უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და თავი ფარაონად გამოაცხადა – ამით, ფაქტობრივად, გვერდი აუარა თუტმოს III-ს.

მმართველობის გასამყარებლად, ჰატშეფსუტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარაონის ძალაუფლების გამომხატველ ყველა სიმბოლოს ატარებდა. მისი დავალებით, ასევე, შექმნილი იყო ქანდაკებები, რომლებიც ჰატშეფსუტს მამაკაცად გამოსახავდა, კუნთოვანი სხეულითა და მამაკაცური თვისებებით, რათა მმართველის ტრადიციულ გამოსახულებას მორგებოდა. ოფიციალურ წარწერებში იგი საკუთარ თავს „მის უდიდებულესობად“ და დედამიწაზე ღმერთების წარმომადგენლად მოიხსენიებდა. ქალის გამბედაობამ და ძლევამოსილი სასულიერო სამყაროს მხარდაჭერამ მას საშუალება მისცა, არსებულ პროცესებზე კონტროლი შეენარჩუნებინა.

ჰატშეფსუტის მმართველობის ხანა მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის პერიოდი იყო. სამხედრო დაპყრობებზე ფოკუსირების ნაცვლად, მან გააფართოვა ეგვიპტის სავაჭრო ქსელები და გაგზავნა ექსპედიციები ზღაპრულ მიწაზე (სავარაუდოდ, თანამედროვე სომალი ან ერიტრეა), რათა დაებრუნებინათ ძვირფასი საქონელი, როგორიცაა ოქრო, სპილოს ძვალი და ა.შ. ამ წარმატებულმა სავაჭრო მისიებმა რეგიონში ეგვიპტის სიმდიდრე და გავლენა კიდევ უფრო გაზარდა.

დეირ ელ-ბაჰარიში

მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტები წარმოადგენდა. ჰატშეფსუტმა მთელ ეგვიპტეში დიდებული ტაძრები და ძეგლები ააგებინა. მათ შორის ყველაზე ცნობილი ტაძარი დეირ ელ-ბაჰარიშია. ეს გრანდიოზული ნაგებობა, ტერასებითა და განსაცვიფრებელი კოლონადებით, ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ უდიდეს არქიტექტურულ მიღწევად ითვლება.

ჰატშეფსუტის გარდაცვალების შემდეგ თუტმოს III-მ ბრძანა, რომ ჰატშეფსუტის სახელი და გამოსახულება ძეგლებიდან და წარწერებიდან წაშლილიყო. მისი ქანდაკებები დააზიანეს და მიღწევები დიდწილად არ შეიტანეს ისტორიული ჩანაწერებში. მეცნიერები თვლიან, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო მამრობითი სქესის მმართველების ტრადიციის აღდგენისა და ჰატშეფსუტის უპრეცედენტო მმართველობსი ხსოვნის განადგურების მცდელობა.

საუკუნეების განმავლობაში, ჰატშეფსუტის მემკვიდრეობა მივიწყებული იყო და მისი ისტორიაც „იმალებოდა“ მანამ, სანამ მე-19 საუკუნეში არქეოლოგები მისი ტაძრებისა და ძეგლების აღმოჩენას დაიწყებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები