ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს მესტიაში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს მესტიაში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 17 სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 2 მობილური.

“ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის თანამშრომლობის პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო” ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელ ნათია ბერიძესთან ერთად გახსნა.

აღსანიშნავია, რომ სადგური აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო-დანადგარებით და შესაძლებლობას იძლევა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სრულყოფილი მონაცემები 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს. მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირბადის მონოქსიდის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ოზონის (O3), მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) და BETX (ბენზოლი, ტოლუოლი, ეთილბენზოლი და ქსილენი) შემცველობები”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები