იუსტიციის მინისტრი „NDI“-სა და კარნეგის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე მთავარი სტუმრის რანგში წარდგა

„დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში: მზერა მომავლისკენ“, − ასე ერქვა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და კარნეგის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიას. შეხვედრას, რომელიც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან მოეწყო, „NDI“-ს პრეზიდენტი კენეტ ვოლაკი და კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების წამყვანი ექსპერტი თომას დე ვაალი უძღვებოდნენ. შესავალ სიტყვაში იუსტიციის მინისტრი ყველა იმ საკითხს შეეხო, რაც დღეს საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კერძოდ, მინისტრმა ისაუბრა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა.
„საქართველოსთვის აშშ- ის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმ უმძიმესი მოვლენების ფონზე, რაც უკრაინაში ვითარდება“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა და ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც აჩვენა საქართველომ უელსის სამიტზე.
მისი თქმით, ნატოსკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება. თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას იუსტიციის სამინისტროს მიერ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა განმარტა, რომ უკვე დასრულდა მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ტალღა, რომლის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განთავისუფლდა პოლიტიკური გავლენისგან. დასრულებულია, ასევე, რეფორმის მეორე ტალღაც, რომლის მიზანიც ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებაა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმის შემუშავებაში საქართველოს დახმარება გაუწიეს ამერიკელმა მოსამართლეებმა, რომლებიც თბილისში იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ. მინისტრმა ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დახვეწის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ რეფორმისთვის მოუმზადებელი იყო, 2016 წლისთვის კი ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სრულყოფილად ამოქმედდეს.
„ჩვენ, ასევე, სრულად გარდავქმენით საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რომელიც წინა ხელისუფლების ხელში მანკიერ სადამსჯელო იარაღად იყო ქცეული. ამერიკელი კოლეგების დახმარებით დღეს უკვე საპროცესო შეთანხმება მართლმსაჯულების ღია და გამჭვირვალე ინსტიტუტია. გარდა ამისა, გავზარდეთ დაზარალებულის უფლებები, რომლებიც საერთოდ არ არსებობდა ყოფილ სისხლის სამართლის კოდექსში,“ − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქრთველოში დღეს ელიტური კორუფცია, განსხვავებით იმისგან, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, არ არსებობს.
„სწორედ კორუფციასთან ბრძოლისთვის შექმნილი მექანიზმების და იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩვენ მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულებებისათვის ბოლო ორი წლის განმავლობაში გავწიეთ, საქართველო აგვისტოში „OGP“ -ის მმართველო კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამავე ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმაზე“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, ჩამოთვლილი და, ამასთან, ის უამრავი რეფორმა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში, უკვე თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება.
„ჩემი სიტყვების დასტურად მინდა, გითხრათ, რომ თუკი 2011, ასევე, 2012 წელს საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა თითოეული წლისთვის 200-ს აჭარბებდა, 2013 წელს საქართველოდან სულ − 79, ხოლო 2014 წელს დღემდე მხოლოდ 50 საჩივარი შევიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავრობა ეფექტურად მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ, და ვამბობთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი მთავრობა მუშაობს მომდევნო მთავრობებისთვის, რადგან არ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მარადიულია. ესაა ღირებულებები, რომელთაც განუხრელად იცავს საქართველოს მთავრობა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თომას დე ვაალმა შეაფასა იუსტიციის მინისტრის გამოსვლა და აღნიშნა, რომ თეა წულუკიანს ვაშინგტონში წელიწად-ნახევრის წინ მოუსმინეს და მინისტრის მიერ მიწოდებული განახლებული ინფორმაცია შთამბეჭდავია.
„დაიხატა რეფორმების დიდი სურათი − სასამართლოს რეფორმის, პროკურატურის დეპოლიტიზაციის, სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლების… მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ საერთოდ ახალი სისტემა იქმნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისთვის. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. მაქვს იმედი, რომ მინისტრი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაატარებს იმ რეფორმებს, რომელთა გატარებაც დღეისთვის მიზნად აქვს დასახული“, − განაცხადა თომას დე ვაალმა.
იუსტიციის მინისტრთან გამართულ შეხვედრას ექსპერტები, ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები