ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნოდარ ხადურს აკრიტიკებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თბილისის ბიუჯეტში პროცენტების სახით შემოსავლის წყაროს გაუქმება ქვეყანაში თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯია. როგორც ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან ყველა უწყებას, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოებს, ანგარიშები ხაზინაში ექნებათ და მათ მომსახურებას ხაზინა გაუწევს.
საკრებულოს უმცირესობის დეპუტატები ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციას, მის პრეზიდენტს დავით ჯიქიას და თბილისის მერს დავით ნარმანიას მოუწოდებენ, აღნიშნული ნაბიჯი შეაფასონ და თვითმმართველობის ორგანოების ინტერესების დაცვისას პრინციპულობა გამოიჩინონ.
„საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებაზე სახელმწიფო ხაზინის თანხმობა დასჭირდება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლის სახით, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე დარიცხულ პროცენტებს ვეღარ მიიღებს. 2013 წელს თბილისის ბიუჯეტში პროცენტების სახით, 9 239 000 ლარი შემოვიდა, ხოლო 2014 წელს 6 931 000 ლარის მიღებაა დაგეგმილი. ამ შემოსავლის წყაროს გაუქმება, ისევე, როგორც თვითმმართველობის ორგანოების მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ქვეყანაში თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯია“, – ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები