„იაპონელი შინდლერი“ – დიპლომატი, რომელმაც 6000-ზე მეტი ებრაელი გადაარჩინა
ჩიუნე სუგიჰარა 1900 წლის 1-ელ იანვარს მინოში, იაპონიაში დაიბადა. დისციპლინირებულ და მეცნიერულ ოჯახში გაზრდილ სუგიჰარას მედიკოსის კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მისი ინტერესი უცხო ენებისა და დიპლომატიის მიმართ საკმაოდ მყარი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ის იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და თავისუფლად დაეუფლა რუსულ ენას, რამაც მეორე მსოფლიო ომის წინ ლიეტუვაში მისი დიპლომატად დანიშვნა განაპირობა.
1939 წელს სუგიჰარა ვიცე კონსულად დაინიშნა. 1940 წლისთვის ნაცისტების პოლონეთში შეჭრამ ასობით ათასი ებრაელის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია. ჰოლოკოსტისგან თავის დაღწევის იმედით, ლიეტუვაში ბევრი გაიქცა, თუმცა, ვითარების გაუარესების გამო, ებრაელი ლტოლვილები უსაფრთხო ტერიტორიებზე გასაქცევად ვიზების შოვნას ცდილობდნენ.
სუგიჰარა მალე მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდა: მისმა ხელმძღვანელებმა ტოკიოში გასცეს მკაცრი ბრძანება, რომ სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, ებრაელი ლტოლვილებისთვის ვიზები არ მიეცათ. სუგიჰარა ხედავდა, რომ მის წინაშე ადამიანური ტრაგედია ტრიალებდა. ჩიუნემ ბრძანება უგულებელყო და მიიღო გაბედული გადაწყვეტილება, ვიზა რაც შეიძლება მეტი ებრაელი ლტოლვილისთვის მიეცა, რაც მათ საშუალებას აძლევდა, უსაფრთხოდ გამგზავრებულიყვნენ იაპონიაში.
სუგიჰარა კვირების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა და ასობით ვიზას ამზადებდა. საკონსულოს დახურვის ბრძანების შემდეგაც კი სუგიჰარამ განაგრძო ვიზების დამზადება და მატარებლის ფანჯრიდან გადაყარა ისინი, როცა იაპონიაში ბრუნდებოდა. საბოლოო ჯამში, სუგიჰარას 6000-ზე მეტი ებრაელის სიცოცხლის გადარჩენას მიაწერენ.
ომის შემდეგ სუგიჰარა იაპონიის მთავრობამ დიპლომატიური თანამდებობიდან დაუმორჩილებლობის გამო გაათავისუფლა. ათწლეულების განმავლობაში მისი გმირული საქმეები უცნობი იყო, ყველაფერს ნათელი მხოლოდ 1985 წელს მოეფინა.
სუგიჰარა 1986 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი ყოველთვის იცოცხლებს. ამ საოცარი კაცის ისტორია გვახსენებს, რომ ერთი ადამიანის სინდისსა და გამბედაობას უამრავი ადამიანის ბედის შეცვლა შეუძლია, თუნდაც ყველაზე ცუდ დროს.