ძალიან რთული ბავშვობიდან დიდ მწერლობამდე – მაია ენჯელოუს ისტორია

1974 წელი

მარგარეტ ენი ჯონსონი 1928 წლის 4 აპრილს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში, ბეილი და ვივიენ ჯონსონების ოჯახში დაიბადა. იგი მშობლებისთვის მეორე შვილი იყო. უფროსმა ძმამ, ბეილი უმცროსმა მარგარეტს „მაია“ შეარქვა. როცა ენჯელოუ სამი, ხოლო მისი ძმა ოთხი წლის იყო, მათი მშობლები გაიყარნენ. მამამ შვილები არკანზასში, ქალაქ სტემპსში ბებიასთან საცხოვრებლად გაგზავნა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ სენტ-ლუისში დედასთან დააბრუნა.

რვა წლის ასაკში ენჯელოუ დედის საყვარელმა გააუპატიურა. გოგონამ სექსუალური ძალადობის შესახებ ძმას უამბო, ამ უკანასკნელმა კი, ოჯახის წევრებს აცნობა. ფრიმენი სასამართლოში დამნაშავედ ცნეს, თუმცა მისმა პატიმრობამ მხოლოდ ერთ დღეს გასტანა. გათავისუფლებიდან მეოთხე დღეს იგი მოკლული იპოვეს. სავარაუდოდ, მისი მკვლელები ენჯელოუს ბიძები იყვნენ. ამ შემთხვევის შემდეგ ენჯელოუ ჩაკეტილი და გულჩათხრობილი გახდა, რადგან თავს დამნაშავედ თვლიდა. თითქმის ხუთი წლის მანძილზე იგი ლაპარაკზეც კი ამბობდა უარს.

„ვფიქრობდი, რომ ის კაცი ჩემმა ხმამ მოკლა. მე მოვკალი ის, რადგან მისი ვინაობა დავასახელე. მეგონა, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, ეს კვლავ ვინმეს სიკვდილს გამოიწვევდა,“ – განაცხადა მან მოგვიანებით.

სწორედ ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა მას სიყვარული წიგნებისა და ლიტერატურის მიმართ. იგი ბევრს ისმენდა და ინტერესით აკვირდებოდა სამყაროს, რის შედეგადაც განსაკუთრებულად განუვითარდა მახსოვრობის უნარი. მოძალადის სიკვდილიდან მალევე ენჯელოუ და მისი ძმა კვლავ ბებიასთან გაგზავნეს. სტემპსში დაბრუნებული ენჯელოუ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან მასწავლებელმა და ოჯახის მეგობარმა, ბერტა ფლაუერსმა გამოიყვანა. მან გოგონას ალაპარაკება ლიტერატურისა და პოეზიის საშუალებით შეძლო. ფლაუერსმა ენჯელოუს გააცნო ჩარლზ დიკენსი, უილიამ შექსპირი, ედგარ ალან პო, ფრენსის ჰარპერი, ჯესი რედმონ ფოსეტი და სხვა ავტორები, რომლებმაც მომავალი მწერლის ცხოვრებასა და კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

როცა ენჯელოუ თოთხმეტის იყო, ისინი კვლავ დედასთან დაბრუნდნენ, რომელიც იმჟამად კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში ცხოვრობდა. 16 წლის ასაკში ენჯელოუ სან-ფრანცისკოში ტრამვაის პირველი ფერადკანიანი ქალი კონდუქტორი გახდა.

1951 წელს ენჯელოუ, იმ პერიოდში განსხვავებულ რასათა შორის ქორწინების აკრძალვისა და დედის უარის მიუხედავად, ტოშ ანგელოსზე, ბერძენ ელექტრიკოსზე დაქორწინდა, რომელიც ყოფილი მეზღვაური და მოყვარული მუსიკოსი იყო. ამ პერიოდში ენჯელოუ ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა, სადაც მოცეკვავეები და ქორეოგრაფები, ელვინ ეილი და რუთ ბეკფორდი გაიცნო. ეილთან ერთად ენჯელოუმ ქორეოგრაფიული ჯგუფი ჩამოაყალიბა, სახელწოდებით – „ელი და რიტა“. ისინი საცეკვაო ნომრებს სან-ფრანცისკოს მასშტაბით დაძმობილებულ ფერადკანიანთა ორგანიზაციებში ასრულებდნენ, თუმცა ამ საქმიანობით მათ წარმატება ვერ მოიპოვეს.

ენჯელოუს ქორწინება 1954 წელს დასრულდა. ამ პერიოდში იგი სან-ფრანცისკოს კლუბებში პროფესიონალურად ცეკვავდა, მათ შორის იყო ღამის კლუბი The Purple Onion, სადაც ენჯელოუ საცეკვაო და ვოკალურ ნომრებს ასრულებდა. კლუბში იგი „მარგარეტ ენი ჯონსონის“ ან „რიტას“ სახელით გამოდიოდა, თუმცა კლუბის მენეჯერების რჩევით, მან პროფესიული სახელი შეიცვალა და „მაია ენჯელოუ“ გახდა.

1954-1955 წლებში ენჯელოუმ ევროპაში იმოგზაურა. იგი ყველა იმ ქვეყნის ენას სწავლობდა, სადაც ჩადიოდა, რის შედეგადაც რამდენიმე სხვადასხვა ენას დაეუფლა. 1957 წელს ენჯელოუმ პირველი ალბომი Miss Calypso ჩაწერა, რომელიც 1996 წელს CD-ის სახით აღადგინეს. იმავე წელს ენჯელოუ ფილმშიც გამოჩნდა.

1959 წელს ენჯელოუმ რომანისტი ჯონ ოლივერ კილენსი გაიცნო, რომლის თხოვნითაც, სამწერლო მოღვაწეობაზე კონცენტრირების მიზნით, ნიუ-იორკში გადავიდა. იგი ჰარლემის მწერალთა გილდიას შეუერთდა, სადაც აფროამერიკელი ავტორები გაიცნო, მათ შორის, ჯონ ჰენრიკ კლარკი, როზა გაი, პოლ მარშალი და ჯულიან მეიფილდი. 1960 წელს, მას შემდეგ, რაც ენჯელოუმ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი გაიცნო და მისი სიტყვით გამოსვლა მოისმინა, ჯონ კილენსთან ერთად, სამხრეთელ ქრისტიანთა ხელმძღვანელობის კონფერენციის ხელშეწყობის მიზნით, მან ლეგენდარული „კაბარე თავისუფლებისთვის“ დააარსა. გარდა ამისა, აგრეთვე კონფერენციის ჩრდილოელი კოორდინატორი გახდა. ამ პერიოდში ენჯელოუმ ფიდელ კასტროს მხარდაჭერა და აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. სამოქალაქო უფლებებში ენჯელოუს წვლილი წარმატებული და მაღალეფექტური იყო.

საბოლოოდ, მაია პოეტად, მწერლად და სამოქალაქო უფლებების აქტივისტად ერთდროულად იქცა. მისი შემოქმედება შვიდ ავტობიოგრაფიას, ესეების სამ კრებულსა და რამდენიმე პოეტურ კრებულს მოიცავს. მას მრავალი ჯილდო და 50-ზე მეტი საპატიო ხარისხი აქვს მიღებული. მწერლის ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი ავტობიოგრაფიულ რომანთა სერიაა, რომელიც მისი ბავშვობასა და ახალგაზრდულ წლებში მიღებული გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს. ენჯელოუს საყოველთაო ცნობადობა და აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა, „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (1969), რომელშიც მან თავისი ბავშვობისა და მოზარდობის წლები აღწერა. მწერალმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა რომანში რასიზმისა და სოციალური უთანასწორობის საკითხების წამოჭრის გამო.

მწერლის ნაწარმოებები სკოლებსა და უნივერსიტეტებში მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ ისწავლება, თუმცა სექსუალური და რასისტული ასპექტების გამო, ამერიკის სკოლებში, კოლეჯებსა და ბიბლიოთებში მისი წიგნები არაერთხელ აკრძალულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები