დარეჯან ბაგრატიონი – მეფის ქალიშვილი, რომელიც რუსეთში სხვა ქართველებს მფარველობდა

არჩილ II-ესა და მის მეუღლეს – ქეთევანს (თეიმურაზ I-ის შვილიშვილი) 1670 წელს შეეძინათ უფროსი შვილი, დარეჯანი, რომელმაც ბავშვობა თბილისის, თელავისა და სამუხრანბატონოს სასახლეებში გაატარა და საუკეთესო განათლებაც მიიღო. 1672 წელს დარეჯანი დაწინდეს (დანიშნეს) ლევან დადიანის ვაჟზე, მანუჩარზე. 1680 წელს მანუჩარი გარდაიცვალა, ხოლო დარეჯანი აღარ გათხოვილა.

1685 წლიდან დარეჯანი არჩილ II–სთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ცხოვრობდა და სულ მალე მოსკოვის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახდა. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა რუსეთის მეფის კარზე და ამას ქართველთა სასიკეთოდ იყენებდა. ინეტნსიური ურთიერთობა ჰქონდა ვახტანგ VI-სთან. ქართლის მეფე მას უგზავნიდა წერილებს, აღუწერდა ქვეყნის მძიმე მდგომარეობას. დარეჯანიც თანამშრომლობდა ვახტანგთან – რუსულ წერილებს უთარგმნიდა. მან დიდი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს 1721-1723 წლების სამხედრო პოლიტიკური კავშირის შექმნაში. მისი სასახლე სოფელ ვსესვიატსკოეში საქართველოდან ჩასულ პირთა სადგომად იქცა, სადაც ძნელბედობის გამო საქართველოდან დევნილი მამულიშვილები იკრიბებოდნენ. იქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები სულხან–საბა ორბელიანმა.

დარეჯან ბაგრატიონს საკუთარი ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, მაგრამ მოღწეული საბუთები ამტკიცებენ, რომ ის კულტურულ–მწიგნობრული საქმიანობით იყო დაინტერესებული, სხვათა მუშაობას თვალს ადევნებდა და მფარველობდა. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ჩვენამდე მოღწეულია ზოგი წიგნი, რომლის დაწერა თუ გადაწერა დარეჯანის სახელს უკავშირდება. მაგალითად, დარეჯანის კარის წინამძღვარს, იოსებს მისი ბრძანებით გადაუწერია საგალობლების კრებული. 1738 წელს, დარეჯანის ბრძანებით, მოლარეთუხუცეს გაბრიელ ჩხეიძეს უთარგმნია სასულიერო–საეკლესიო შინაარსის კრებული.

დარეჯანმა სასახლეში  ქართული სტამბა გამართა. 1739 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა თეოფანე პროკოპოვიჩის (1681-1736) „პირველ სასწავლო ყრმათა“.  წიგნის ბოლოსიტყვაობაში წერია:

„პირველ ესე სასწავლო ყრმათათვის, რუსულისაგან ქართულად გადმოითარგმნა ბატონის შჳლის დარეჯანას მოლარეთუხუცესის ჩხეიძის გაბრიელისაგან, და ქართულს ენზაე გასწორდა არქიმანდრიტის გერმანესაგან, და დაიბეჭდა სამეუფოსა ქალაქსა მოსკოვს მის დიდებულის ბატონის შჳლის დარეჯანას სასახლეში მის  პალატის ყრმათა შეწევნითა და ჴელის მომართვითა.“

აღნიშნულ წიგნში დასმულია რუსული პედაგოგიური აზროვნებისათვის დამახასიათებელი საპოლემიკო საკითხები, რომელსაც, როგორც ჩანს, დარეჯან ბატონიშვილი იზიარებდა და სურდა, ქართველთა შორისაც დაენერგა.

ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის გარდაცვალების შემდეგ (1711 წ.)  დარეჯანთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტრე I-ს.  1721 წელს სწორედ დარეჯანის სასახლიდან დაიწყო რუსეთის იმპერატორმა შვედეთთან დაზავების გამო მოწყობილი ზეიმი. 1712 წელს არჩილ მეფემ (ვინადიდან სამივე ვაჟი გარდაცვლილი ჰყავდა) ბრძანებით მიაღწია იმას, რომ მისი მემკვიდრე მისივე ასული, დარეჯანი ყოფილიყო.

1733-36 წლებში დარეჯანმა ვსესვიატსკოეში დიდი, ახალი ტაძარი ააგებინა, რომელიც ქართველ ოსტატებს მოახატინა. იქვე გაკეთდა ქართული წარწერები. დარეჯანის სახელი აღბეჭდილია საკურთხეველში, კედელზე მიკრულ სტელაზე. 1802 წლამდე ღვთისმსახურება იქ ქართულ ენაზე სრულდებოდა.

დარეჯანი 1740 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია დონის მონასტერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები