“მეცოლას გამონაკლისი: ევროპარლამენტის პრეზიდენტი და მისი ლობისტი ქმარი” – POLITICO კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს
გამოცემის მტკიცებით, მეცოლას მეუღლე ევროკავშირში მთავარი ლობისტია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუიზო კომპანიის Royal Carribean Group-ის ინტერესებს ატარებს.
როგორც Politico აღნიშნავს, მეცოლა თავად უჭერდა მხარს ევროპარლამენტში ახალი „ეთიკის კოდექსის“ მიღებას, რომლის თანახმადაც პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გააჟღერონ.
თუმცა, როგორც ჩანს, თავად მეცოლა ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა. კომპანია, რომელზეც მისი მეუღლე მუშაობს, მაიამიში მდებარეობს და მსოფლიოში სიდიდით მეორე საკრუიზო კომპანიად და გარემოს ერთ-ერთ მთავარ დამბინძურებლად ითვლება.
როგორც Politico წერს, ამის მიუხედავად, უკო მეცოლას სამსახური ევროკავშირისთვის „მეტწილად შეუმჩნეველი დარჩა“, თუმცა მის ერთ-ერთ სფეროდ ევროკავშირის კლიმატის დაცვაზე ორიენტირებულ კანონებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს, რომლებსაც „საბოლოო ჯამში მისი ცოლი აწერს ხელს“.
„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტი მეცოლა შესაბამისი დეკლარაციის შევსებისგან თავისუფლდება“, – ციტირებს გამოცემა ორგანიზაცია Transperency International EU-ს ხელმძღვანელს ნიკოლას აიოსას.
მისი თქმით, ევროპარლამენტის თითოეული წევრი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე მონაწილეობას იღებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე ზეგავლენას ახდენს.