პატრიარქი: ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა – ეს არის თავგანწირული სიყვარული
ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ოჯახის მნიშვნელობაზე იქადაგა და დასძინა, რომ თავგანწირულ სიყვარულს ბავშვი მშობლების მაგალითზე სწავლობს.
„იცით, რომ ოჯახური ცხოვრება ღმერთის მიერ არის შექმნილი, როგორც ადამიანის ყოფიერების ფორმა და რატომ მისცა ეს ოჯახური ცხოვრება ღმერთმა ადამიანს? მისცა იმიტომ, რომ ოჯახმა ადამიანი სასუფევლამდე მიიყვანოს, იმიტომ, რომ ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს ამ მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის – ეს არის თავგანწირული სიყვარული და ამას სწავლობს და ითვისებს არა როგორც მხოლოდ გრძნობას და ემოციას, არამედ როგორც სულიერ თვისებას, რადგან ქრისტიანული სიყვარული პირველ რიგში თვისებაა. ეს განსხვავება ბევრს არ ესმის.
თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს.
როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.
ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას“, – მიმართა პატრიარქმა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.