თამილა შარუხიამ ბოსფორი გადაცურა და 6.5 კილომეტრი 1 საათსა და 22 წუთში დაფარა. ის 2024 წელს პირველი ქართველი ქალია, ვინც ბოსფორის სრუტის გადაცურვის საკონტინენტთაშორისო მარათონში გაიმარჯვა.
ამბობს, რომ რთული არ ყოფილა, მთავარია მონდომება. „მინდა ბევრი ქართველი ქალი იყოს სპორტით დაინტერესებული, განსაკუთრებით მოყვარულები, ვიყოთ მაგალითი ჩვენი თაობისთვის“.
თამილა შარუხია მძლეოსანი, მოცურავე და ველომრბოლელია. ბავშვობიდან უყვარდა სპორტი, მაგრამ ისე მოხდა, რომ 44 წლისამ დაიწყო სირბილი და მას მერე თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მონაწილეობდა. ორ წელში ზედიზედ ტრაპიზონსა და სტამბოლში გამართულ მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირებში გაიმარჯვა. წინ უამრავი საინტერესო ტურნირია.
– ბოსფორი სულ ახლახან გადავცურე და ამიტომ ამით დავიწყებ თქვენთან საუბარს.
საერთოდ, „იუთუბის“ არხი სპორტის თემატიკაზე ინფორმაციის მოპოვებაში, ცურვის გაკვეთილების ძიებაში ძალიან მეხმარება. და აი, შემხვდა ინფორმაცია ბოსფორზე, უცებ ავენთე, მაშინვე მოვიძიე საჭირო მასალა, ვუსმენდი და ვუყურებდი ყველა ჩანაწერს, მონაწილეების, მწვრთნელების არაერთი პოდკასტია ჩაწერილი.
ბოსფორის გადაცურვა უფრო მარტივია, ვიდრე დარეგისტრირება, რადგან უამრავ ადამიანს უნდა მონაწილეობა, მაგრამ რაოდენობა შეზღუდულია, წელს დარეგისტრირებული იყო 2.800, დაამატეს 200 მონაწილე, სხვა წლებისგან განსხვავებით, სადაც 2.600 მონაწილე იყო დაშვებული.
მოთხოვნა ოფიციალურ ვებგვერდს გავუგზავნე, მაგრამ ეს არ არის მთავარი, თურქეთის დროით, 3 იანვარს, 12 საათზე, დაიწყება რეგისტრაციაო. სადღაც 7-10 წუთის განმავლობაში უნდა მოასწრო რეგისტრაცია, რადგან მთელი მსოფლიოდან არიან მსურველები, საიტიც იჭედება, არ რეაგირებსო…
ვნერვიულობდი, რომ ვერ მომესწრო?! ერთი სიტყვით – დავრეგისტრირდი. ისე მიხაროდა, თითქოს უკვე გადავცურე. შემდეგ საბუთები მოვაგროვე და ა.შ. მომზადება მაშინვე არ დამიწყია, რადგან წინ სხვა გეგმები მქონდა. წლის მთავარი გეგმა იყო 105 კმ-ის დაფარვა 4800 მ ამაღლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ აღმერთებზე უნდა ირბინო, თუმცა ამას დაშვებაც მოჰყვება. მთავარი იყო – „აირონმენში“ მონაწილეობა, როდესაც 2 კმ ცურვა, 90კმ ველოსპორტი, 21.1 სირბილი, ერთი „ამოსუნთქვით“ უნდა შეასრულო.
– და მაინც, ბოსფორისთვის უმთავრესი იყო ცურვაში მომზადება…
– ცურვა ბათუმელმა, 19 წლის ასაკში ჩემით ვისწავლე. ბავშვობაში ექიმები არ მაძლევდნენ ცურვის უფლებას, ზედმეტად რომ არ გავციებულიყავი. წყალი ჩემი სტიქიაა, ოღონდ ეს იყო ყოველთვის განტვირთვა და წყალში ნავარდი. სპორტული ცურვისგან შორს ვარ.
მზადებაც შეჯიბრებამდე დიდი ხნით ადრე დავიწყე, ბრასით სულ ვცურავდი, კროლი არასოდეს მიცდია, ვცდილობდი სწავლის დაწყებას, მაგრამ მრცხვენოდა, პატარა ბავშვები ჩემზე უკეთ რომ ცურავდნენ.ერთი სიტყვით, ბათუმში ჩავედი, დავიწყე ვარჯიში მწვრთნელთან, აღმოჩნდა, რომ ბრასიც არ ვიცი, სრულიად შეცდომებით ვაკეთებდი. რაც მოვასწარით, „დავხვეწეთ”. ზღვაზეც ცოტა გასვლები მქონდა სავარჯიშოდ, მაქსიმალური მანძილი 2.5 კმ მქონდა, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ მიზნის მისაღწევად მქონდა თვითდაჯერება და დიდი სურვილი.იმდენ ვიდეორგოლს ვუყურე, მეგონა, ბოსფორი უკვე გადაცურული მქონდა და ყველაფერი ვიცოდი.
– პირველი ქართველი ქალი ხართ, ვინც 2024 წელს გადაცურა ბოსფორი. რას გრძნობდით ცურვის დასრულებისას?
– საკმაოდ თავდაჯერებული წავედი… ჩასვლამდე თვითმფრინავიდან ვტკბებოდი. ისეთი ლამაზი სრუტეა. ჩავედი, ჩავხედე ბოსფორს თვალებში და შემეშინდა, ეს ჩემი თვითდაჯერება სრულიად გაქრა. ღმერთო, აქ რა მინდოდა, რომელი მოცურავე მე ვარ, საიდან ამხელა ამბიცია, რომ არ გადავცურო და უბრალოდ გულშემატკივარი ვიყო, ეგეც შეიძლება… მაგრამ რომ გამახსენდა, რამხელა თანხებთან იყო დაკავშირებული, ჯერ მარტო სლოტის ყიდვა 500 დოლარი დაჯდა და ეს თანხა ყოველ წელს იზრდება, ამას ემატება გადაფრენის და სასტუმროს ხარჯი, და რაც ყველზე მეტად მთავარია, ჩემს შვილებს რა ვუთხრა და მეუღლეს – შემეშინდა და ვერ გავცურე-მეთქი?
მივედი სასტარტო პაკეტის ასაღებად, სადაც გაძლევენ ქუდს შენი ნომრით, მაისურს და ჩიპს, რომელსაც ფეხზე იკეთებ, ის ზომავს, რა დროს გადაკვეთე სტარტი და ფინიშის ხაზი. თუ დაკარგე ცურვის დროს, დრო არ ჩაგეთვლება და დისკვალიფიკაციას მოგცემენ.
მთელი ცურვის მარშრუტის განმავლობაში, ყოველ 50 მეტრში, კოჭზე ხელს ვიკიდებდი, არ გაიხსნას და არ დავკარგო-მეთქი. მივცურავდი ლაღად, ვაკვირდებოდი მინიშნებებს, რომ არ გავეტაცებინე დინებას ნაპირისკენ, მარცხნივ ან მარჯვნივ, რადგან იქიდან გამოღწევა რთულია. საწინააღმდეგო მხარის დინებაა, შეიძლება ერთ ადგილზე გატრიალოს, ძალა გამოგელიოს და ვეღარ განაგრძო დისტანცია.დავინახე, როგორ გახდა ცუდად ჩინელი ქალი, ჩემთან ახლოს იყო, მაშველებმა ამოიყვანეს. ვიღაც ასაკოვან ბაბუს წამოვეწიე, გავამხნევე შეძახილებით, მალევე ბებოს წამოვეწიე, ნახეთ, რა ლამაზი სახლებია და ა.შ. ვისაუბრეთ ცოტა ხნით… ამასობაში მივუახლოვდი ფინიშს, და აი, აქ იყო სირთულე, საპირისპირო დინებაა, მაგრამ დავძლიე, და აი, ისიც, სანუკვარი კიბის სახელური, რომელსაც აჰყავხარ ფინიშის ხაზზე.
ცუდი განცდაა, როცა შენიანები არ გხვდებიან და ამ ემოციას ვერავის ვუზიარებ, მაგრამ ამის დროც არ მაქვს, უცებ ამოვიცვი შორტები და გავვარდი სასტუმროში, მოვწესრიგდი, დავბრუნდი ისევ ფინიშზე, დაწყნარებულად, ფოტოებიც გადავიღე, ბევრი ადამიანი გავიცანი, წამოვედი დიდი ემოციით და ახალი გამოცდილებით სავსე.– სპორტი და ცურვა ბავშვობიდან გიყვარდათ…
– ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყავი, ბებია ქაჯანას მეძახდა. მე რომ გავჩნდი, ჩემი ასაკის სულ ბიჭები იყვნენ, მათთან ერთად გავიზარდე და დღემდე „ჩვენი ძმას“ მეძახიან. მათთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს, ომობანას, „სახლობანა“ არ გამოგვდიოდა, თოჯინებთან თამაში რატომღაც არ უნდოდათ, ვეჯიბრებოდით სირბილში და ა.შ.
ყოველთვის გამოვირჩეოდი ლიდერობით, ვიგონებდით ახალ-ახალ შეჯიბრებებს, თამაშებს, გასართობებს, მაშინ ტელეფონები და კომპიუტერი არ იყო. ერთი წელი ხელბურთზე დავდიოდი, მერე – სწავლა, მუშაობა და დაოჯახება 25 წლის ასაკში. გაჩნდა ანასტასია, 8 წლის შემდეგ – ალექსანდრა. მკაცრი დედა ხარო, მეუბნებოდნენ, – მკაცრი არა, წესრიგი მიყვარს-მეთქი. დღესაც მიკვირს, როგორ არ უნდა დაუჯეროს შვილმა დედას.
– სირბილი საკმაოდ გვიან, 44 წლისამ დაიწყეთ…
– დაიზარდნენ ჩემი გოგონები, ვატყობდი, თვითრეალიზაცია მაკლდა, რადგან დღემდე დიასახლისი ვარ, დროც საკმარისი მქონდა, დავიწყე ფიტნესზე სიარული, მალევე გავიცანი მორბენლების ჯგუფი, შევუერთდი… ჯერ კვირაში 2-ჯერ დავრბოდი, მაშინ იპოდრომზე და კუს ტბაზე. ხან ვაცდენდი, ხან მეზარებოდა, 2 წელი მსუბუქი ვარჯიშები მქონდა. შეჯიბრებაზე გამოსვლა წარმოუდგენელი იყო, ერთი სიტყვით, გავიცანი მოყვარული მორბენლები, შევუერთდი მათ და დავიწყეთ ერთად ვარჯიში სირბილში ლისის ტბაზე.
მყავდა მწვრთნელი, კვირაში 3 ვარჯიშს ვასრულებდით, შემდეგ გავიგე ტრაპიზონის ნახევარმარათონის შესახებ – 21.20 კმ. სამჯერ მივიღე მონაწილეობა და სამივეჯერ ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი – მეორე ადგილი ავიღე. ასევე, ორ კვირაში ორ სრულ მარათონში ვმონაწილეობდი – 42.20 კმ – სტამბულსა და კვიპროსში, ლარნაკაში, ორივეგან საპრიზო ადგილები ავიღე. ტრიატლონში, – ცურვა, ველოსპორტი და სირბილი, – ყოველთვის საპრიზო ადგილებზე გავდიოდი.
– დიდი ენერგია მიაქვს სპორტს. ყოველი შეჯიბრებისთვის საგულდაგულოდ ემზადებით…
– რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ. ამ წლის გეგმა – ჩემი პირველი 105 კმ მქონდა შესასრულებელი, ვვარჯიშობდი დარბაზში, პარალელურად დავდიოდი აუზზე და დავრბოდი მთაწმინდიდან უძოს მონასტრამდე, ზოგჯერ ადგილმდებარეობას ვცვლიდი, მოსაბეზრებელია ერთი და იგივე მარშრუტი.
ამ მზადებაში ვარ და ფბ-ზე ვხედავ თვე-ნახევარში, 25 მაისს, იგეგმება 400 კმ-იანი ველომსვლელობა, სტარტი – წალკიდან, ფარავნის ტბა, ვარძია, ბორჯომი, გორი, თბილისი.აღვნიშნავ, რომ ველოსიპედით ერთი წელი თითქმის არ მივარჯიშია, ვეუბნები მეგობრებს – მინდა! – კაი რა, შეეშვი, ძალიან რთულია, ღამე უნდა იარო, არ იცი, როგორი ამინდი დაგემთხვევა, ვერ შეძლებ, თან წინ 105 კმ-ია, გამოიფიტები.
არავის დავუჯერე, თავნება ვარ. დავიწყე ვარჯიში ველოსიპედით, დოლიძიდან გავდიოდი დიდგორზე, ვბრუნდებოდი კოჯორი წყნეთით, ზუსტად 105 კმ-ია დისტანცია, რა თქმა უნდა, ეს მარშრუტი სულ არ მქონდა, ვცვლიდი მანძილს, ადგილმდებარეობას. პარალელურად ვახერხებდი სირბილს და ცურვას.
მოვიდა სტარტის დღეც, საშინელი ქარი, წვიმა, ყინვა იყო, წალკიდან რომ გამოვედით, უღელტეხილზე ისე გამეყინა ხელები, ველოსიპედს ვეღარ ვმართავდი, ხელთათმანებიც და ტანსაცმელიც სველი იყო. როგორღაც ამ ყველაფერს თავი გავართვი, ჩავედი ვარძიაში, წამოვეწიე ბიჭებს და მარტო მსვლელობა უკვე აღარ იყო მოსაწყენი.
ვარძიაში საკვები პუნქტი გველოდებოდა, თან გარკვეულ დროშიც უნდა ჩავტეულიყავით, დისკვალიფიკაცია რომ არ მიგვეღო. ამ პერიოდში წვიმა შეწყდა სადღაც 3 საათით, ბორჯომში ღამე ჩავედით. ისევ საკვები პუნქტი, შესვენება, შემდეგ გორში იგივე და კავთისხევში რომ ჩამოვედით მე და ორი მეგობარი, დაიწყო განთიადი. აქ ერთმანეთს დავშორდით და ყველამ თავისი ტემპით გააგრძელა მსვლელობა.
ერთი სიტყვით – გოგოებში მოვედი პირველი, საერთო ჯამში – მეოთხე. მოცემული დრო იყო 27 სთ, მე დამჭირდა 24 სთ.3 დღე მომინდა ენერგიის აღსადგენად, გავაგრძელე ვარჯიში სირბილში. 16 ივნისს, 05.00 საათზე, სტარტი წოდორეთის დამშრალი ტბიდან დიდგორზე, შესვენება საკვებ პუნქტთან. წინ მელოდება ქსილისი და ბოტისის მთები… მოცემული დრო იყო 24 სთ, დამჭირდა 19.30 სთ, გავედი მე-2 ადგილზე. ეს ემოცია აუწერელია, ფინიშზე ხაზზე მეგობრები შეძახილებით და მოლოცვებით დამხვდნენ, უბედნიერესი ვარ. არც ცურვა და ველოსპორტი არ მაძლევს ისეთი ბედნიერების შეგრძნებას, როგორც სირბილი. ეს ეტაპიც დამთავრდა და ამის შემდეგ დაიწყო მზადება ცურვისთვის, რაც ზემოთ მოგიყევით.
ერთხელ მეგობარმა მითხრა, რად გინდა, თავს რომ იკლავ, შეეშვი, სპორტსმენები დიდხანს არ ცოცხლობენ, გადადი იოგაზეო. არ შემიძლია, უკვე მოვიწამლე ამ „ნარკოტიკით“, ეს ჩემი მუხტია, ურომლისოდაც ვდუნდები, უმოქმედობა მღლის.
– მეუღლე – მეზღვაურია, მუდამ მხარში გიდგათ. შვილებსაც მოსწონთ დედის გატაცება სპორტით…
– ჩემი შვილები და მეუღლე ამაყობენ ჩემით, ხელს მიწყობენ, მამხნევებენ. მინდა ვიყო მაგალითი 40+ ქალებისთვის, 44 წლის ასაკში დავიწყე, და წინ უამრავი გეგმა მაქვს. ეწევი და ვერ ანებებ, მოსწიე, მაგრამ იყავი აქტიური, ეს ჯობია არაფრის კეთებას. დროს ყოველთვის გამონახავ.
ზედმეტი წონა გაქვს და არასოდეს გირბენია? მუხლები და კოჭები რომ არ დაიზიანო მოუმზადებელმა – იარე, გამოდი კომფორტის ზონიდან, ძალიან მინდა დავიწყო ჩემი ვარჯიშის ჩანაწერები და მოტივაცია ყველასთვის, მაგრამ სულ მეფიქრება, ვის რად უნდა ჩემი ვარჯიშები, „იუთუბი“ სავსე ვიდეორგოლებით.
ახლა წინ „აირონმენი“ მელოდება ანტალიაში, მივდივარ ჩემი ველოსიპედით, დარწმუნებული ვარ, შევძლებ და დავაფინიშებ.
თამარ შაიშმელაშვილი