საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
„ 23 სექტემბრიდან სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება. პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
სასწავლო პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში წარიმართება. სწავლის გრაფიკი მაქსიმალურად თავსებადია სამოქალაქო სასწავლებლის გრაფიკთან, სალექციო სწავლება (სამხედრო საქმე) განხორციელდება კვირა დღეს, სულ 57 კვირა დღეს და იგი განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე. ხოლო პრაქტიკული კომპონენტი (საველე სწავლება) წარიმართება როგორც შაბათ ისე კვირა დღეებში, სულ 8 შაბათ და 14 კვირა დღეს. პრაქტიკული კომპონენტი აგრეთვე მოიცავს 2 საველე სწავლებას, თითოეული განხორციელდება 2 კვირის განმავლობაში.
პირველი ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2024 წლის 4 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2025 წლის 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და სანივთე ქონებით. პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია. შერჩევა განხორციელდება ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარების, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.
სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.