ბრძოლა განათლებისთვის, თალიბანის წინააღმდეგ – ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტის ისტორია
მალალა იუსაფზაი 1997 წლის 12 ივლისს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციაში, სვატის რაიონში, საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. იგი ზიაუდინ იუსაფზაისა და ტორ პეკაი იუსაფზაის შვილია. მამამისი პოეტი და განათლების აქტივისტი გახლავთ. გოგონას მშობლები სუნიტები არიან, ეთნიკურად კი, პუშტუნების ეროვნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი ფული იმისათვის, რომ დედას საავადმყოფოში ემშობიარა, ამიტომ მალალა, მეზობლების დახმარებით, სახლში დაიბადა. მას სახელი ცნობილი პუშტუნი პოეტისა და სამხრეთ ავღანელი მეომარი ქალის, მალალა მაივანდელის პატივსაცემად დაარქვეს. მალალა ქალაქ მინგორაში თავის ორ უმცროს ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
მცირე ასაკიდანვე მალალა გატაცებული იყო სწავლით, რაშიც მამამისს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა. ამ პერიოდში სვატის რაიონში ცხოვრება სულ უფრო საშიში ხდებოდა. 2007 წელს თალიბანმა რეგიონი აიღო. მათ დააწესეს მკაცრი შარიათის კანონი და აიკრძალა ბევრი რამ, რაც მათ არაისლამურად მიაჩნდათ, მათ შორის, მუსიკა, ტელევიზია და, რაც ყველაზე მთავარია, გოგონების განათლება. საფრთხის მიუხედავად, მალალა განაგრძობდა სკოლაში სწავლას და საჯაროდ გამოდიოდა თალიბანის მჩაგვრელი წესების წინააღმდეგ.
სულ რაღაც 11 წლის ასაკში მალალამ დაიწყო ანონიმური ბლოგის წერა BBC-ისთვის, მეტსახელით – Gul Makai. თავის ბლოგში მან დეტალურად აღწერა ცხოვრება თალიბანის მმართველობის ქვეშ და საკუთარი აზრი გამოხატა გოგონებისთვის განათლების მნიშვნელობაზე. მისი ნაწერი იყო მძაფრი და მამაცური, რაც გარე სამყაროს სვატის რაიონში არსებულ უხეშ რეალობას აჩვენებდა. ბოლოს მისმა სიტყვებმა თალიბების ყურადღებაც მიიპყრო.
2012 წლის 9 ოქტომბერს მომხდარმა თავდასხმამ მალალას ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. როცა ის სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, ავტობუსში თალიბანის შეიარაღებული ჯარისკაცი ავიდა და იკითხა: „რომელი ხართ მალალა?“ სანამ ვინმე უპასუხებდა, მან მალალას თავში ესროლა. 15 წლის გოგონა მძიმედ დაიჭრა, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა. თავდასხმამ შოკში ჩააგდო მსოფლიო და თალიბების სისასტიკის წინააღმდეგ პროტესტის ტალღაც ააგორა.
მალალა სამკურნალოდ გაერთიანებულ სამეფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ კი, გამოჯანმრთელების ხანგრძლივი და რთული პროცესი დაიწყო. მიუხედავად გადატანილი ტრავმისა, მალალა არჩეულ გზაზე უარს არ ამბობდა მტკიცედ სჯეროდა, რომ ყველა გოგონას აქვს განათლების უფლება. მალალა გამძლეობისა და გამბედაობის საერთაშორისო სიმბოლო გახდა, რომელმაც მილიონობით გოგონას სახელით დაიწყო საუბარი. 2013 წელს მან დაწერა მემუარები – „მე ვარ მალალა“, რომელიც ბესტსელერი გახდა და მისი ისტორია კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მიაწოდა.
2014 წელს, 17 წლის ასაკში, მალალა ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა. მან პრიზი კაილაშ სატიართთან, ბავშვთა უფლებების ინდოელ აქტივისტთან გაიზიარა. ცერემონიაზე გამოსვლისას მალალამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯილდო მხოლოდ მისი კი არ არა, ყველა იმ ბავშვისაა, ვინც ძალადობის გამო გაჩუმდა.
გოგონა დღესაც განაგრძობს ბრძოლას განათლებისა და ქალთა უფლებებისთვის, თუმცა ამჯერად ამას ორგანიზაცია Malala Fund-ის მეშვეობით აკეთებს, რომელიც მან მამასთან ერთად დააარსა. მალალას ფონდი ინვესტირებას ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონებზე, სადაც გოგონები განათლების მისაღებად მნიშვნელოვან ბარიერებს აწყდებიან. მალალა, ასევე, ატარებს კამპანიას ლტოლვილების და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებებისთვის. ის საკუთარ პლატფორმას მათი ხმის გასაძლიერებლად იყენებს.