ავთანდილ თალაკვაძე: სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
“სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. განვაგრძობთ ამ მიმართულებით მუშაობას და მინდა გითხრათ, რომ „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, ვიწყებთ ახალი, ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მოწყობას”,- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, სტადიონების მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე დასრულებულია და პროექტებისთვის ჯამში 450 000 ლარი დაიხარჯება.
„ერთ-ერთი ახალი სტადიონი ხელოვნური ბალახის საფარით ლიხაურში გაკეთდება. კიდევ ერთ ახალ სტადიონს გავაკეთებთ სოფ. შრომაში, ეს ახალგაზრდების თხოვნა იყო და დარწმუნებული ვარ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურით ბევრი ისარგებლებს. ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას ვიწყებთ ასევე, სოფ. ოზურგეთში. ასევე, მერიაში, კერძოდ გოგორეთის უბანში მოეწყობა ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი. ამ პროექტებისთვის ჯამში დაახლოებით 450 000 ლარს დავხარჯავთ. სტადიონების მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე დასრულებულია,“- განაცხადა მერმა.
ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის განვითარების 8 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, პროექტებზე ტენდერი უკვე დასრულდა და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები.
“ოზურგეთში, სოფ. გურიანთაში მე-19 ქუჩის (ე.წ. ჭიტაძის უბნის ქუჩები) რეაბილიტაციას, რომლის საპროექტო ღირებულებაც 383.370 ლარს შეადგენს; ვიწყებთ ოზურგეთში, დ. ბაქრაძის მე-2 შესახვევში სპორტული მოედნის სრულ რეაბილიტაციას, რისთვისაც წინასწარი საპროექტო გათვლებით 204.772 ლარი დაიხარჯება; ვგეგმავთ ასევე, ქალაქ ოზურგეთში, ნემიროვ დანჩენკოს ქუჩაზე სკვერის მოწყობას, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის სასურველი რეკრეაციული სივრცე იქნება. ასეთი ტიპის სკვერები უკვე გავაკეთეთ რამდენიმე ადგილას და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან; კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ვიწყებთ, არის დაბა ურეკის (წვერმაღალა) 25-ე ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რისთვისაც დაახლოებით 550.000 ლარი დაიხარჯება.