გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა – “გორმედის” სამედიცინო ცენტრი განმარტებას აკეთებს
გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. “გორმედის” სამედიცინო ცენტრი ფაქტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
“გორმედში” მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ.
პაციენტი გორმედის სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით.
მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა.
უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც.
საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი;
ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში.)
ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა პაციენტისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის შემოწმება და არანაირი ხარვეზი არ გამოვლინდა.
ამ ეტაპზე, კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებს და ექნება შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
გორმედის სამედიცინო ცენტრის ვარაუდით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.
,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას,”- აღნიშნულია “გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის განცხადებაში.