ბავშვობიდან გამოირჩეოდა ხელოვნების ნიჭით. განსაკუთრებით უყვარდა ხატვა. Სკოლის დამთავრების შემდეგ აპირებდა თოიძეში ჩაბარებას, მაგრამ ავბედით 90–იანებში ხელი შეეშალა და შეგროვილი საბუთები დროებით თაროზე შემოდო. მანამდე კი პროფილაქტიკაში დაიწყო მუშაობა. ხელოვნებისთვის დრო არ რჩებოდა, თავისი ნიჭიც მიივიწყა.
50 წლის ასაკში მიიღო ჰემორაგიული ინსულტი. ორი თვე ლოგინს იყო მიჯაჭვული, მაგრამ არ დანებდა და მუდმივი მოძრაობით და ვარჯიშებით კვლავ შეძლო ფეხზე წამოდგომა. როდესაც ერთი წლის შემდეგ ინვალიდობის პენსია მოუხსნეს და შემოსავლის გარეშე დარჩა, მაშინ გაიღვიძა მიძინებულმა ნიჭმა…
მხატვრობის მრავალი სტილი მოსინჯა და ბოლოს, სტიმპანკის ჟანრი აღმოჩნდა ის, რასაც ამდენ ხანს ეძებდა. მან იპოვა თავისი თავი! – Სერგო ჩალაძის პერსონა.
– პირველი ნახატები ბავშვობაში მულტფილმის პერსონაჟებს უკავშირდებოდა, ძირითადად, ცხოველებს ვხატავდი. არასდროს ვაცდენდი ხატვის და შრომის გაკვეთილებს.
– ხატვას გვიან, 51 წლისა დაუბრუნდით, ავადმყოფობის შემდეგ. ახალი ხედვა გაიხსნა?
– ინსულტამდე შიგადაშიგ ვცდილობდი, რამე შემექმნა, ჩემი სტილი მეპოვა, ხან თაბაშირის ქანდაკებების შექმნა ვცადე, ხან ამ თაბაშირის ნახატებში გამოყენება, თითქოს მომწონდა, მოსწონდა ხალხსაც, მაგრამ მაინც არ იყო ჩემი. პირველი ნახატი თაბაშირის ვიოლინო იყო.– „სტიმპანკი“? რით მოგხიბლათ ამ მიმდინარეობამ?
– გარდა ხელოვნებისა, ბევრი რამის კეთება მეხერხება – დენის გაყვანილობა, რემონტი, გაფუჭებული ნივთების შეკეთება… და როდესაც „სტიმპანკის“ მიხედვით ჩემი პირველი ნახატი – თევზი შევქმენი, მასში ეს ყველა ნიჭი გაერთიანებული დავინახე.
– შთაგონება?
– სიმყუდროვე არის ჩემი შთაგონება. როდესაც სახლში მარტო ვრჩები, ნახატებზე მუშაობის სურვილი მაშინ მიჩნდება.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– როდესაც „სტიმპანკის“ მიხედვით მეორე ნახატი შევქმენი და ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა, მაშინ მივხვდი, რამდენი დრო დამიკარგავს. მომინდა დროის უკან დაბრუნება, რამაც მესამე ნახატი შემაქმნევინა, სადაც კაცი დროს აჩერებს.
– რა მასალებს იყენებთ?
– ვიყენებ ყველანაირ მასალას, ძირითადად დაშლილი მაგნიტოფონების, ტელევიზორების და საათების ნაწილებს ან მექანიზმებს.
როდესაც ნახატს ვიწყებ, არ ვიცი, ზუსტად რა მასალა იქნება საჭირო, რომ მოვიმარაგო. ყველა ნამუშევარს ინდივიდუალური დრო სჭირდება. ამიტომ ზუსტ დროს ვერ გავთვლი. შეიძლება სამი დღე დასჭირდეს ან ორი კვირა, ან მეტიც კი გამიგრძელდეს.
– წინასწარ იცით, რას დახატავთ, თუ ინტუიციის მიხედვით მოქმედებთ?
– წინასწარ არასდროს ვიცი, რას დავხატავ. რამე დეტალს რომ დავხედავ, ფანტაზიაც არ აყოვნებს და ინტუიციურად გზადაგზა ვქმნი.
– უმთავრესი ინდივიდუალური ხელწერაა. რა არის საჭირო ამის მისაღწევად?
– ჩემს შემთხვევაში, ვფიქრობ, დაგროვილმა მრავალმა გამოუყენებელმა ნიჭმა ერთად მოიყარა თავი და გამოიწვია ინდივიდუალური ხელწერა.
– გამოფენაზე თუ ფიქრობთ?
– კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რადგან საკუთარი მიმართულება ვიპოვე ხელოვნებაში – ეგრეთ წოდებული „სტიმპანკი“. ასე რომ, ახლო მომავალში მინდა ჩემი ნამუშევრები უფრო ფართოდ გავაცნო ხალხს.
– ხელოვნება ნიშნავს…
– ხელოვნება ალბათ ყველასთვის ინდივიდუალურია, ჩემთვის – ემოციაა, რაღაც ახლის ძიება, საკუთარი თავის გამოცდილება. საკუთარი თავის პოვნასთან ასოცირდება.
– თავიდან რომ დაიწყოთ ცხოვრება, რას შეცვლიდით?
– ცხოვრება რომ თავიდან დამაწყებინა, აუცილებლად ვეცდებოდი, სირთულეების მიუხედავად, მეპოვა გამოსავალი! ჩავაბარებდი სამხატვრო სასწავლებელში და ჩემს თავს მთლიანად ხელოვნებას მივუძღვნიდი.
– რომელ მხატვარს გამოარჩევდით. შეიძლება, თქვენს შემოქმედებაზე მათი გავლენა იგრძნობოდეს?
– ძალიან მომწონს სიურეალიზმი და ამიტომ სალვადორ დალის გამოვარჩევდი, ვფიქრობ მისმა მიმდინარეობამ ჩემზე გავლენა მაინც მოახდინა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ვფიქრობ, რაიმე დანაზოგით თანხის მოგროვებას, რომ სარდაფში მოვაწყო სახელოსნო, რადგან ხელოვნებას სჭირდება სიმყუდროვე და მშვიდი გარემო, რის საშუალებასაც ჩემი ბინის პატარა ფართი არ მაძლევს. ამჟამად მიწევს შემოსასვლელში პატარა მაგიდაზე მუშაობა, რაც დიდი დისკომფორტია.
როდესაც ამ სურვილს ავიხდენ, უფრო ხშირ-ხშირად გაგანებივრებთ ახალი შედევრებით.
თამარ შაიშმელაშვილი