იაპონიის ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი თუშეთს ეწვია
20 აგვისტოს, თუშეთში გაიმართა ორი პროექტის: „მძიმე ტექნიკის შეძენა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში“ და „თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ გახსნის ცერემონია. ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი; ბატონი ალექსი ფიცხელაური – ახმეტის მუნიციპალტეტის მერი, ბატონო ლადო კახოიძე – თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორი; ბატონი ზურაბ ბაბულაიძე – თუშეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარე და ბატონი რატი კოჭლამაზაშვილი – თუშეთის განვითარების ფონდის დირექტორი.
პროექტის – „მძიმე ტექნიკის შეძენა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თუშეთს გადაეცა მძიმე ტექნიკა გზების მოსაწესრიგებლად, რათა გაიზარდოს თუშების მობილობა და წვდომა სხვადასხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე. აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს თუშეთის დაახლოებით 2, 800 ადგილობრივი მოსახლის საცხოვრებელ პირობებს. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 74’400 აშშ დოლარი.
პროექტის – „თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება“ ფარგლებში, გარემონტდა და სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა ადგილობრივი ამბულატორია, რომელიც დაახლოებით 2,800 ადგილობრივი მოსახლისთვის გაზრდის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. გრანტის მოცულობა 87, 256 ამერიკული დოლარი.
პროექტები განხორციელდა გრასრუტების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, რომელიც დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. იაპონიაში ადამიანის უსაფრთხოების კონცეფცია არსებითად ემყარება რწმენას, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ჯანსაღი, ღირსეული და სრულფასოვანი ცხოვრებით.1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 216 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ აღნიშნული პროექტის ჩათვლით 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.