ჯონ კირბი – აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა შეძლოს თავის დაცვა
აშშ მზადაა ახლო აღმოსავლეთში ირანის მხრიდან შესაძლო სერიოზული თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ ვიზიარებთ იმავე შეშფოთებასა და მოლოდინებს, რაც ჩვენს ისრაელელ კოლეგებს აქვთ პოტენციურ ვადებთან დაკავშირებით. ეს შესაძლოა, იყოს ამ კვირაში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სერიოზული თავდასხმებისთვის. ჩვენ, ცხადია, არ გვინდა, რომ ისრაელს მოუწიოს თავდაცვა მორიგი თავდასხმისგან, როგორც ეს იყო აპრილში. მაგრამ, თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას, რათა დაიცვან საკუთარი თავი“, – აღნიშნა კირბიმ.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო, ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.