3 წლიდან ხატავს. ცხოვრობს თბილისში. უამრავი ჩანახატის და ფერწერული ტილოს ავტორია. სხვადასხვა ხელსაქმე იტაცებს, დაინტერესებულია ვიზაჟით და ფოტოგრაფიით.
ამბობს, რომ ხატვისას თავისუფალია და კონკრეტულად ხატვის ერთ სტილს არ იცავს. ხატავს ყველაფერს, თუმცა ამ ბოლო დროს მოსწონს ცხენების ან ბუნების ლამაზი პეიზაჟების ხატვა. სამომავლოდ, გამოფენის გამართვასაც აპირებს. – დიანა ჩუტკერაშვილის პერსონა.
– ბავშვობიდან მახსოვს დედა, რომელიც მუდმივად დაინტერესებული იყო ჩემი ნიჭის აღმოჩენით და განვითარებით, მან პირველმა შეამჩნია ხელოვნებისკენ ჩემი მიდრეკილება და მუდმივად ცდილობდა ხელის შეწყობას.
ოჯახში მე ვიყავი პირველი შვილი. მყავს ორი ძმა და მამა.
– 3 წლიდან ხატავთ…
– დღემდე ვინახავ 3 წლის ასაკში შესრულებულ ჩანახატებს. სკოლის პერიოდში მახსოვს ჩემი ხელოვნების მასწავლებელი, რომელიც მუდმივად მაღალ ნიშნებს მიწერდა და დიდი ინტერესით ათვალიერებდა ჩემი ბავშვური გონებით დახატულ ნამუშევრებს.
– პირველი ნახატები…
– ჩემი პირველი ნახატი იყო კრუხი წიწილებით, რომელიც დედის თხოვნით დავხატე, მახსოვს მისი სიხარული. ის ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. ყველას ანახვებდა სიამაყით. ეს დიდ მოტივაციას მაძლევდა… ეს ნამუშევარი თაბახის დიდ ფურცელზე გუაშით დავხატე.
– ხატვასთან ერთად ვიზაჟისტი ხართ… შემოქმედებითი ნიჭი აქაც პოულობს გზას…
– ცხოვრების ამ ეტაპზე ვიზაჟით ვარ დაინტერესებული. ეს არის ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი წყარო, რომლის კეთებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ჩემი ცხოვრება განუყოფელია ხელოვნებისგან. ეს ჩემშია და ყოველთვის პოულობს გამოვლენის გზას.
– როდის ხატავთ?
– ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მომენტი არ არის. ხატვის სურვილი ყოველთვის თავისით მოდის და შემდეგ შემიძლია საათობით ხატვა, შემიძლია, მთელი ღამე ვხატო და არ დავიღალო, პირიქით – ავივსო ენერგიით და ახალ ნამუშევრებზე ვიფიქრო. ხატვის დროს ჩემი გონება სრულიად თავისუფლდება. ეს ჰგავს მედიტაციას, როდესაც გონებას ასუფთავებ.
– რა გაძლევთ შთაგონებას?
– შთაგონება მოდის მაშინ, როდესაც სხვადასხვა სირთულეს ან დაბრკოლებას გადავლახავ, როდესაც რამეს ვსწავლობ ან როდესაც უბრალოდ მშვიდად ვარ. ჩემი შთაგონების მთავარი წყარო – ადამიანია. მიყვარს სუფთა, სულის ძლიერი ადამიანები, რომლებსაც ძლიერი სულისკვეთება აქვთ.
– ერთი ნამუშევარი…
– დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე მისი პორტრეტის შექმნა. ძალები მოვიკრიფე და ფუნჯი ავიღე… დავიწყე ხატვა, თუმცა მისი სურათიდან გადმოხატვა ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დავნებდი… დრო გავიდა. დასასრულებელი პორტრეტი მუდამ მიყურებდა. ამ დროს გადავწყვიტე საქმის ბოლომდე მიყვანა და გავაგრძელე ხატვა… უბრალოდ, აღარ ვიხატავდი ფოტოს და ვხატავდი ჩემს გონებაში შემორჩენილ მის სახეს. ეს ასე უფრო შევძელი.
– ნატურმორტები, პეიზაჟები… რისი დახატვა გიყვართ ყველაზე მეტად?
– როდესაც შეკვეთაზე ვმუშაობ, სხვადასხვა სტილის ნამუშევრებს ვხატავ. ზოგადად, მიყვარს თავისუფლება. კონკრეტულად ხატვის ერთი სტილი არ გამაჩნია. ვხატავ ყველაფერს, თუმცა ამ ბოლო დროს მომწონს ცხენების ან ბუნების ლამაზი პეიზაჟის ხატვა.
– ხატავთ გრაფიკულ პორტრეტულ ჩანახატებს… რომელს ანიჭებთ უპირატესობას – გრაფიკას თუ ფერწერას?
– ფანქარში მუშაობა მიყვარს, როდესაც ხატვას ვიწყებ პირველი ფანქრით ვაკეთებ ჩანახატს და შემდეგ უკვე ზეთის საღებავით ვაგრძელებ.
– როგორ შეიქმნა ცხენი ყაყაჩოებით?
– ეს ჩემი ბოლო ნამუშევარია. ჩემთვის ცხენი ძალასთან და თავისუფლებასთან, ასევე ერთგულებასთან ასოცირდება. ვფიქრობ, ეს ნამუშევარი სიძლიერეს და ბრძოლის უნარიანობას უკავშირდება. კონკრეტული ჩანაფიქრი არ მქონია. უბრალოდ ქვეცნობიერს მივენდე.
– ჰობი…
– პირველი, რაც გამახსენდა, ეს არის ფოტოგრაფია. ფოტოგრაფიით დიდი ხანია გატაცებული ვარ და მიყვარს ეს საქმე, ასევე – წიგნების კითხვა. ჩანაწერებსაც ვაკეთებ, როცა დრო მაქვს. ასევე მიყვარს ხელნაკეთი ნივთების დამზადება.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას და ჩემს ყველანაირ წამოწყებას მხარს უჭერს, და ჩემი პატარა ლილე.
– რა შეცვალა თქვენში ხატვამ?
– ეს ის მომენტია, როდესაც იმაზე მეტი უნდა დაინახო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
– ხატვა, როგორც შემოსავლის წყარო… რამდენად არის დღეს შესაძლებელი?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიური ხარ. ხატვა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. მუდამ მზად უნდა იყო ხატვისთვის. გიყვარდეს შენი საქმე და შეაყვარო სხვებსაც.
– გამოფენები. ჯილდოები…
– წლების წინ აქტიურად ვხატავდი. სწორედ მაგ პერიოდში შეიქმნა ჩემი ნამუშევრების უმრავლესობა. აქტიურად ვაწყობდი გამოფენებს. შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემში ხედავდნენ შესაძლებლობებს და ნიჭს, რომელსაც ხელის შეწყობა სჭირდებოდა, მაძლევდნენ უდიდეს მოტივაციას. რომელიც დღემდე გამომყვა და მადლობა მათ ამის გამო.
– სამომავლო გეგმები….
– უახლოეს მომავალში გამოფენის მოწყობას ვაპირებ, გამოვფენ ჩემს ძველ ნამუშევრებს და მოვემზადები ახლების შესაქმნელად.
თამარ შაიშმელაშვილი