კოლონია დიგნიდადი – როგორ მოაწყო ნაცისტმა პედოფილმა კერძო საკონცენტრაციო ბანაკი ჩილეში

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ათასობით ნაცისტმა დააღწია თავი მართლმსაჯულებას ლათინურ ამერიკაში გაქცევით. მესამე რაიხისადმი ლოიალურად განწყობილი მთავრობით, ჩილე ნამდვილ „აღთქმულ მიწად“ იქცა ომის დამნაშავეებისთვის. აქ მართლაც შეიძლებოდა, ბოროტებას ფესვები ისევ გაედგა და გადაზრდილიყო ისეთ მახინჯ წარმონაქმნად, როგორიც დიგნიდადის კოლონიაა. მთელი ძალაუფლება ამ დასახლებაში პოლ შეფერს ეკუთვნოდა.

შეფერი მხოლოდ ლუფტვაფეს სამედიცინო სამსახურში მსახურობდა და შესაბამისად, ევროპაში მისი პიროვნებით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა რატომ დატოვა გერმანელმა სამშობლო, სადაც მას არაფერი ემუქრებოდა? ყველაფერი მარტივია – გერმანიაში პოლი არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში გამოიჭირეს.

იმისათვის, რომ პოტენციურ მსხვერპლებთან უფრო ახლოს ყოფილიყო, შეფერმა ომის შემდეგ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა გერმანიის ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღში. ომის შემდეგ შეფერი, ასევე, გახდა მქადაგებელი და 1950-იან წლებში ახალგაზრდული ჯგუფი დააარსა. თუმცა, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებების გამო, 1959 წელს მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა. დევნის თავიდან აცილების მიზნით, ის, რამდენიმე მიმდევართან ერთად, გერმანიიდან გაიქცა და საბოლოოდ, 1961 წელს ჩილეში დასახლდა.

ჩილეში მან დააარსა კოლონია დიგნიდადი. კომუნა წარმოდგენილი იყო, როგორც თვითკმარი, უტოპიური რელიგიური საზოგადოება, მაგრამ სინამდვილეში, ეს გახლდათ უაღრესად კონტროლირებადი გარემო, სადაც შეფერი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა. ტერიტორია იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან, გარშემორტყმული იყო მავთულხლართებით და შეიარაღებული ადამიანებით.

საზოგადოება მოქმედებდა მკაცრი რეჟიმის დაცვითა და დისციპლინის მკაცრი სისტემით, ფიზიკური დასჯის ჩათვლით. შეფერმა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია შეზღუდა და თავის მიმდევრებს საკუთარი ავტორიტარული იდეოლოგიით ასწავლიდა. მისი მმართველობის ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი ბავშვებზე განხორციელებული სისტემატური სექსუალური ძალადობა იყო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.

1970-იან და 1980-იან წლებში კოლონია დიგნიდადი ცნობილი გახდა ჩილეს დიქტატორთან, აუგუსტო პინოჩეტისთან  თანამშრომლობით. კომუნა პოლიტპატიმრების წამებისა და დაკავების ცენტრად იქცა. შეფერი და მისი მიმდევრები ეხმარებოდნენ რეჟიმს დაკითხვებისთვის იზოლირებული ადგილის მიწოდებით. ზოგიერთი ცნობით, საკუთარ ტერიტორიას რეჟიმს ცხედრების განსათავსებლადაც უთმობდნენ.

კოლონიის იზოლაციამ საშუალება მისცა შეფერს,  საქმიანობა გარესამყაროსგან შეუმჩნევლად გაეგრძელებინა, თუმცა, დროთა განმავლობაში, საქმეში გადარჩენილთა ჩვენებები ჩაერთო, რამაც კომუნაში ჩადენილი ძალადობის მასშტაბები გამოავლინა.

1990-იან წლებში, როდესაც ჩილე შედარებით დემოკრატიული გახდა და კოლონიის დანაშაულები სააშკარაოზე გამოიტანეს, შეფერს ბავშვებზე ძალადობის, წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე მრავალი ბრალდება წაუყენეს. 1997 წელს ის ჩილედან გაიქცა, თუმცა მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. საბოლოოდ, ის 2005 წელს არგენტინაში დააკავეს.

2006 წელს შეფერი ჩილეში გაასამართლეს 25 ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის, ასევე, დამნაშავედ ცნეს დამატებით დანაშაულებში, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევასა და იარაღის უკანონო ფლობაში. შეფერი ჩილეს ციხეში 2010 წლის 24 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები