ვენაში ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა – ტერორისტული თავდასხმის სავარაუდო გეგმისთვის 2 ადამიანი დააკავეს
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი ორგანიზატორებმა მას შემდეგ გააუქმეს, რაც პოლიციამ ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ტერორისტული შეთქმულება ჩაშალა, – ამის შესახებ შოუს ორგანიზატორმა, Barracuda Music-მა განაცხადა.
„ერნსტ ჰაპელის სტადიონზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაციის ხელისუფლების მხრიდან დადასტურების გამო, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გავაუქმოთ სამი დაგეგმილი კონცერტი ყველას უსაფრთხოებისთვის“, – დაწერა Barracuda Music-მა ინსტაგრამზე განცხადებაში .
ავსტრიის ხელისუფლებამ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ მათ დააკავეს ორი მამაკაცი, ერთი – ავსტრიის ქალაქ ტერნიცში და მეორე მამაკაცი ვენაში. ისინი ტერაქტის განსახორციელებლად ემზადებოდნენ.
„ორივე ეჭვმიტანილი ახორციელებდა კონკრეტულ მოსამზადებელ მოქმედებებს ტერორისტული თავდასხმისთვის“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„მთავარმა ეჭვმიტანილმა ინტერნეტში დადო ფიცი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების შესახებ და სახლის ჩხრეკისას მის ბინაში ქიმიური ნივთიერებები ამოიღეს“, – აცხადებენ ვენის პოლიციაში.
ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ უცხოურ სამსახურებთან პოლიციის ინტენსიური თანამშრომლობის წყალობით, შესაძლებელი გახდა საფრთხის ოპერატიულად ამოცნობა, ზომების მიღება და ტრაგედიის აღკვეთა.
Swift-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ბილეთების მფლობელებს თანხა მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაბრუნდებათ.