ვინ ხართ, ბატონო ბერგმან: ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სიკვდილის ისტორია

2009 წლის 16 ივნისის ნისლიან დილას ირლანდიის სლაიგოს საგრაფოს მცხოვრები არტურ კინსელი სოფელ როსის-პოინტის მახლობლად, სანაპიროზე მივიდა. ის და მისი ვაჟი სარბენად ემზადებოდნენ, როცა ნაპირზე მამაკაცის ცხედარი დაინახეს. გაირკვა, რომ დამხრჩვალს პიტერ ბერგმანი ერქვა. სამართალდაცავებმა მამაკაცის ბოლო დღეების რეკონსტრუქცია შეძლეს, თუმცა მისი გარდაცვალების გარემოებები დღესაც გაურკვეველია, შეკითხვა კი, დღეს უფრო მეტია, ვიდრე გამოძიების დაწყებამდე არსებობდა.

იდუმალი პიტერ ბერგმანი

2009 წლის 12 ივნისს სლაიგოს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ჭაღარა, გამხდარი მამაკაცი, რომელიც 18:28 საათზე ალსტერიდან ავტობუსით ჩამოვიდა. თან ჰქონდა მხარზე გადასაკიდებელი ჩანთა და სპორტული ჩანთა. მამაკაცი ტაქსით წავიდა და სასტუმრო „სლაიგო სიტიში“, სადაც ოთახი 65 ევროდ იქირავა. რეგისტრაციისას მან საკუთარ თავს პიტერ ბერგმანი უწოდა, რომელიც ცხოვრობდა ვენაში, აინშტეტერნის N15-ში.

მეორე დღეს იგი მანქანით გაემგზავრა ადგილობრივ ფოსტაში, სადაც იყიდა რვა მარკა და საჰაერო ფოსტის სტიკერები. კვირას, 14 ივნისს პიტერმა ტაქსი გააჩერა და სთხოვა, რომ უახლოეს სანაპიროზე წაეყვანა. ტაქსის მძღოლმა ის როსის-პოინტში დატოვა. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მამაკაცი იმავე მანქანით სლაიგოში დაბრუნდა.

15 ივნისს, 13:06 საათზე კამერებმა გადაიღეს პიტერ ბერგმანი, რომელიც ქუჩაში გამოდიოდა შავი ჩანთითა და იასამნისფერი პარკით. 13:38 საათზე ის მივიდა სავაჭრო ცენტრში, ქუეისაიდის ქუჩაზე, სადაც ისადილა. კაცმა ჯიბიდან ამოიღო რამდენიმე დაკუჭული ქაღალდი, რომელიც წაიკითხა, დახია და ნაგავში გადააგდო. ერთი საათის შემდეგ პიტერი მივიდა როსის-პოინტის სანაპიროზე, სადაც ის 16-მა ადამიანმა დაინახა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი წყლის პირას იდგა და უბრალოდ, ზღვას უყურებდა, სანამ არ დაბნელდა. სამშაბათს, 16 ივნისს, დილის 6:45 საათზე არტურ კინსელმა და მისმა ვაჟმა აღმოაჩინეს პიტერ ბერგმანის ცხედარი. ირლანდიის პოლიციამ ხუთი თვე გაატარა საქმის გამოძიებაში და გაარკვია რამდენიმე დეტალი, რამაც ამ სიკვდილს იდუმალება კიდევ უფრო მეტად შესძინა.

მისტერ ბერგმანის საიდუმლოებები

პიტერ ბერგმანს, თითქმის, არ ჰქონდა კონტაქტი სხვებთან, მაგრამ თვითმხილველებმა გაიხსენეს, რომ ის ოდნავ გერმანული აქცენტით ლაპარაკობდა. ცხედარი შიშველი იპოვეს, ტანსაცმელი კი, ნაპირზე იყო მიმოფანტული. დამხრჩვალს რაიმე საბუთი ან ფული არ ჰქონია. ტანსაცმლის ყველა შტრიხკოდი მაკრატლით იყო ამოჭრილი. პათოლოგანატომებმა დაადგინეს, რომ მამაკაცი 55-65 წლის იყო, მას პროსტატისა და ძვლის სიმსივნე ჰქონდა განვითარებული. ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ ჩანდა.

პიტერ ბერგმანის ნივთები

მას რამდენიმე გულის შეტევაც ჰქონდა გადატანილი და მხოლოდ ერთი თირკმელი გააჩნდა. სავარაუდოდ, ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა, მაგრამ არავითარი წამალი არ მიუღია. ასევე, ვერ მოხერხდა მისი ამოცნობა თითის ანაბეჭდებით. გაირკვა, რომ პიტერ ბერგმანს საზღვარზე რეგისტრაცია არ გაუვლია და ქვეყანაში ლეგალურად ვერ შევიდოდა. პოლიციამ დაღუპულის ვენის მისამართი შეამოწმა, მაგრამ აინშტეტერნის 15-ში, სახლის ნაცვლად, ცარიელი ადგილი დახვდათ.

კამერებმა აჩვენა, რომ ბოლო დღეებში ის სასტუმროდან 13-ჯერ გავიდა და ხელში ყოველთვის იასამნისფერი პარკი ეჭირა, მაგრამ ბოლოს მის გარეშე დაბრუნდა. მთელი ამ დღეების განმავლობაში, კამერამ ვერ დააფიქსირა, სად წაიღო ბერგმანმა მისი შიგთავსი. პოლიციის აზრით, მამაკაცმა იცოდა, სად იყო კამერების ბრმა წერტილები. სერჟანტმა ტერი მაკმაჰონმა, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, განაცხადა:

„აშკარაა, რომ მას ჰქონდა გარკვეული მომზადება, როგორც ყოფილ პოლიციელს ან სამხედროს. მას აშკარად არ სურდა რაღაც მომენტებში კამერის წინ ყოფნა.“
სანაპირო, სადაც პიტერ ბერგმანის ცხედარი იპოვეს

პოლიციამ ნაგავსაყრელებიც შეამოწმა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. კიდევ ერთი საიდუმლო ის გახლავთ, ვის გაუგზავნა ბერგმანმა ბოლო რვა წერილი, რისთვისაც მარკები შეიძინა. ინსპექტორმა რეი მალდერიგმა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის წევრი იყო, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:

„ტანსაცმლის ეტიკეტების განადგურებიდან დაწყებული, თითქოს, ყველაფერს კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა. რატომ მაინც და მაინც სლაიგო? თუ გსურთ, თავი თვალწარმტაც ადგილას მოიკლათ, ირლანდიის სანაპიროზე ამის უზარმაზარი არჩევანია. ის რაღაცამ მიიყვანა იქ, თუმცა ჩვენ ეს ვერ გავარკვიეთ.“

პიტერ ბერგმანის ისტორია Reddit-ის წყალობით გახდა ცნობილი, სადაც მას მრავალი პოსტი ეძღვნება, რომლებშიც მრავალი ვარაუდია გამოთქმული. ყველაზე პოპულარული მოსაზრებების მიხედვით, მამაკაცი ან დაზვერვის ოფიცერი იყო ან კრიმინალი, რომელიც მტრებს ემალებოდა. პოპულარულია დროში მოგზაურის ვერსიაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები