ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალშია
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძემ (87 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო.
მერვედფინალში ის ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაუპირისპირდა, ორთაბრძოლა მის გამარჯვებით დასრულდა და მეოთხედფინალში ბულგარეთის სახელით მოასპარეზე სემენ ნოვიკოვს შეხვდება.
ოლიმპიადაზე ლაშა გობაძის დებიუტი ტოკიოში შედგა, სადაც მან მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. 30 წლის სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა დათმო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.