BBC: ისრაელში მიწისქვეშა საავადმყოფოს თავდასხმისთვის ამზადებენ
ისრაელის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰაიფაში მდებარე მიწისქვეშა საავადმყოფოს თავდასხმისთვის ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საავადმყოფოში ბეტონის კედლებში ასობით საწოლია გაწყობილი. გარდა ამისა, შენობას აქვს საოპერაციოები, სამშობიარო განყოფილება და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, თუმცა ჯერჯერობით მასში პაციენტები არ იმყოფებიან.
აღნიშნული მიწისქვეშა ბუნკერი რამბამის სამედიცინო ცენტრმა 2006 წლის ისრაელ-„ჰეზბოლას“ ომის შემდეგ გათხარა.
ჩვეულებრივ, ეს სივრცე მრავალსართულიანი ავტოსადგომია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ის სამ დღეში საავადმყოფოდ გადაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის ფუად შუქრის მკვლელობების შემდეგ სრულმასშტაბიანი რეგიონული ომის საფრთხემ იმატა. ექიმები ჰაიფაზე დიდი შეტევისთვის ემზადებიან.