შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „შემოდგომის თბილისი“ მიიღო მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში ლატვიის შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრიც მონაწილეობდა.
დასს დირიჟორობა საქართველოსა და ლატვიის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრების ხელმძღვანელებმა, კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა და ვიცე-პოლკოვნიკმა დაინის ვუშკანსმა გაუწიეს.
სამხედრო მუსიკოსებმა სასულე ორკესტრისთვის არანჟირებული ცნობილი ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს.
ლატვიის შეიარაღებული ძალების ხის ჩასაბერმა კვარტეტმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის კლარნეტთა კვარტეტმა, ასევე ბრას ანსამბლმა დასავლეთ-ევროპული და ლათინური კომპოზიციები დაუკრეს.
ქართველი და ლატვიელი სამხედრო მუსიკოსების მიერ გამართულ საღამოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში, ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები.